საქართველო, 25 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა სააგენტო "რია ნოვოსტი"-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რუსეთმა საქართველოს მხრიდან "აგრესიის მოგერიებაში" მიიღო მონაწილეობა და "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა" აღიარა. "დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივა ეკუთვნოდა მაშინდელ ქართველ მმართველს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად ვართ, თუმცა ისინი განაპირობებენ ამას იმით, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარება უნდა გააუქმოს" , - განაცხადა კარასინმა. 17 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. 23 დეკემბრიდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების გამარტივებული წესები ამოქმედდა.