საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. ჰაკერების საერთაშორისო დაჯგუფება Anonymous-მა თურქულ ვებგვერდებზე რამდენიმე შეტევა განახორციელა. მიზეზად დაჯგუფებამ თურქეთის მიერ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერა დაასახელა.
გამოცემა The Mirror-ის ცნობით, კიბერთავდასხმის მსხვერპლი თურქეთის 40 ათასამდე ვებგვერდი გახდა. ამასთან Anonymous თურქეთს კიდევ უფრო მასშტაბური თავდასხმით ემუქრება. მათი განცხადებით, ისინი შეტევებს განახორციელებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებზე, რომლებიც მართავენ აეროპორტებს, ბანკებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს, ასევე, უმთავრეს სერვერებზე, რომლებიც ქვეყნის ციფრული ინფრასტრუქტურის ფუნდამენტად მიიჩნევა.
„თუ ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერას არ შეწყვეტთ, თქვენს ინტერნეტზე თავდასხმებს განვაგრძობთ. შეწყვიტეთ ეს სიგიჟე ახლავე. თქვენი ბედი თქვენსავე ხელშია“, - ნათქვამია Anonymous-ის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.