პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ირინა ენუქიძის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა. ირინა ენუქიძის დაჯილდოების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

 თინათინ ხიდაშელმა ირინა ენუქიძის მიერ დაწყებული საქმის დაფასებისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

 „როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, სულ პირველი ოფიციალური საჯარო განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაკეთდა იყო, სწორედ, ირინა ენუქიძის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა და დაფასება... რა თქმა უნდა, ეს არ სჭირდება მის ოჯახს, ეს სჭირდება საქართველოს. ამბავი, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა უმძიმესი მდგომარეობიდან, არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი. ირინა ენუქიძე და ია მეტრეველი არიან დედები, რომლებმაც ბევრი სხვა დედის შვილები გადაარჩინეს“,  - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.