პოლიტიკა
„პირები, რომლებიც კოჰაბიტაციიდან გამომდინარე მოხვდნენ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, დღესაც იბრძვიან, რომ სამართალმა არ იზეიმოს“

 საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა „2015 წელი - ქალთა წელი“ შეაჯამა და ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, ირინე ენუქიძე, გარდაცვალების შემდეგ,  თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

 “ქალბატონი ირინა გახდა  იმ ბრძოლის სიმბოლო, რომელსაც ჰუმანურობისთვის, ადამიანის უფლებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერქვა.

 მას მოუკლეს შვილი და ის იბრძოდა იმისთვის, რომ სხვების შვილები გადარჩენილიყვნენ, რომ ჩვენი შვილები გადარჩენილიყვნენ. მან ამ ბრძოლას  თავისი სიცოცხლე შეწირა და ბოლომდე მიიყვანა.

 მე მინდა პირველ რიგში გითხრათ მადლობა იმ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს, სანდროს მეგობრებს, ოჯახს, რომლებიც ძალიან რთულ ვითარებაში დაუპირისპირდნენ სისტემას და მორალური ძალით სისტემა გადატეხვამდე მიიყვანეს.

 მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ამ ბრძოლის მთავარ სულისჩამდგმელს, ქალს, რომელმაც ამ ღირებულებებით გააერთიანა საზოგადოება.

 მე ვაჯილდოვებ მას გარდაცვალების შემდეგ, ერთერთი ყველაზე საპატიო ჯილდოთი, ჯილდოთი რომელიც ქალბატონებისათვის არის განსაზღვრული - თამარ მეფის ორდენით", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და თამარ მეფის ორდენი ირინა ენუქიძის მეუღლეს, სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს გადასცა.

 „იმ საზოგადოებამ, რომელიც  ირინას გვერდით იბრძოდა 2012 წლის ოქტომბერში ახალი ხელისუფლება მოიყვანა ქვეყნის სათავეში, რომლის პირველი მიზანი იყო სამართალი.

 სამწუხაროდ, ის პირები, რომლებიც კოჰაბიტაციიდან გამომდინარე მოხვდნენ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, დღესაც იბრძვიან, რომ სამართალმა არ იზეიმოს “, - განაცხადა გურამ გირგვლიანმა.