„საქართველო – ევროპაა და მაშასადამე, თქვენს დაცვას ექვემდებარება!“ – 1713 წლიდან 1716 წლამდე წარუმატებლად ცდილობდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-სა და რომის პაპის დარწმუნებას სულხან–საბა ორბელიანი. ამისათვის მან კათოლიკობაც კი მიიღო! თუმცა, ოთხმა წელმა ევროპაში ფუჭად ჩაიარა და 1724 წელს გამოჩენილმა ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ რუსეთს მიაშურა – მოსკოვს, სადაც მოკლე ხანში გარდაიცვალა კიდეც, სოფელ ვსეხსვიატსკოეში, თაობებს კი დარიგებად დაუტოვა ნაშრომი „მოგზაურობა ევროპაში“.
„მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელი!“ – განაცხადა 1999 წელს სტრასბურგში საქართველოს სხვა სახელმწიფო მოღვაწე ზურაბ ჟვანიამ, რომელიც 2006 წელს მის „ახალგაზრდა მეგობარ“ რაულ უსუპოვთან ერთად მოკლეს ერთობ „ევროპულ გარემოებებში“ – თითქოსდა, ისინი სიყვარულით გაერთნენ და ნახშირორჟანგით გაიგუდნენ...
„დღეს აღსრულდა ჩვენი წინაპრების ოცნება!“ – ისტორიულ გადაწყვეტილებად შეაფასა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის 2015 წლის 18 დეკემბერის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ეტაპების გადალახვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციის „ნაყოფს დააგემოვნებენ“. რამდენიმე თვის შემდეგ „ველური ხანჯლიანი მთიელები“ – რუსთაველის შთამომავლები, რომლებმაც ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ–მდე მე–12 საუკუნეში მსოფლიო კულტურის შედევრები შექმნეს და სახელმწიფოებრიობა ჰქონდათ – უფლებას მიიღებენ, ნახევარ წელიწადში ერთხელ 90 დღით უვიზოდ იმყოფებოდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში. ასეთმა „ბედნიერებამ“ ქართველებს მხოლოდ მას შემდეგ „გაუღიმა“, რაც ევროპის დედაქალაქების ოკუპაცია დიდი ხანია მილიონობით ჩამოსახლებულმა მოახდინა - აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და სირიიდან, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებთან ერთად!
ამასთან დაკავშირებით წინა პარასკევს თბილისში ზეიმიც კი გამართეს და ქართველი ხალხი გაკვირვებით ადევნებდა თვალს, როგორ ტკბილად კოაბიტირებდნენ ერთმანეთთან ევროხელისუფლება და ევროოპოზიცია, მეგობრულად აღნიშნავდნენ რა „ევროპულ ოჯახში დაბრუნებას“... მაგრამ განა შესაძლებელია იქ დაბრუნება, სადაც არასოდეს ყოფილხარ?! საქართველო და მისი მეზობლები – აზერბაიჯანი და სომხეთი, რომლებიც ევროკავშირში არ მიისწრაფვიან - ხომ აზიის და არა ევროპის ქვეყნებია! საქართველო ევროკავშირისთვის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ–ერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც ევროკავშირი „აღმოსავლეთ მეზობლობის“ პოლიტიკას აწარმოებს. ანუ, საქართველო – ევროპის მეზობელი და პარტნიორია როგორც აღმოსავლეთის ერთ–ერთი ქვეყანა (არ აგერიოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი და უკრაინა).
დავუბრუნდეთ დღესასწაულს, სადაც განსაკუთრებით გამოირჩნენ „ახალი ცისფერყანწელები“: „ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი იდენტობა!“ – ჭყიოდა და ნაზად ჭუტავდა თვალებს პარლამენტის ექსთავმჯდომარე ბაქრაძე. ლევანმა კი, დები ბერძენიშვილების რესპუბლიკური დუეტიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი გაუნათლებლობა, როცა აღფრთოვანებით განაცხადა, რომ „ზოგიერთ მეცნიერებაში არსებობს ცნება „არდაბრუნების წერტილი“, რომელიც დღეს საქართველომ გაიარა!“. „ენციკლოპედიური ცოდნით“ გამოტენილმა საკნის „ნასედკამ“ არ იცის, რომ „არდაბრუნების წერტილი“ – ტერმინია ავიაციიდან: ასე ეძახიან პილოტები ფაზას აფრენისას, რომელშიც აფრენის შეწყვეტა და თვითმფრინავის უკან, მიწაზე დაბრუნება - დასმა უკვე შეუძლებელია. თუმცა, თავი დავანებოთ ბერძენიშვილებსა და ბაქრაძეებს – თავისი „დაუბრუნებლობის წერტილი“ მათ დიდი ხანია გაიარეს და „ბილეთიც“ მხოლოდ ერთი მიმართულებით, უკან დაუბრუნებლად აქვთ აღებული...
„One Way Ticket“ – „ბილეთი ერთი მიმართულებით“ – ასე ეწოდებოდა ჯგუფი „Eruption“–ის ჰიტს, რომლის რუსული ვერსია „Синий синий иней“ სსრკ–ის ქვეყნებში არანაკლებ პოპულარული იყო. ლურჯად - ევროპის დროშის ფერად - გაანათეს გასულ პარასკევს სახელმწიფო კანცელარიის შენობა, სააკაშვილის პლასტმასის ხიდი, ტელეანძა მთაწმინდაზე, ქალაქის საკრებულო და ილია ჭავჭავაძის ძეგლიც კი წიწამურში. თუმცა, რა შუაშია ვიზალიბერალიზაცია და წმინდა ილია, რომელიც საქართველოს ერთადერთ მხსნელად რუსეთს მიიჩნევდა და ლექსებსაც უძღვნიდა გეორგიევსკის ტრაქტატს, გაუგებარია...
და რატომ არიან საქართველოს მოქალაქეები ვალდებული, ევროპაში გაფრენისას, აეროპორტში მესაზღვრეებს უკან დასაბრუნებელი ბილეთი და ასევე, სასტუმროს ჯავშანი წარუდგინონ?! იმიტომ, რომ ევროპელებისთვის ქართველები მეორეხარისხოვანი ადამიანები არიან, რომლებსაც უფლება არა აქვთ, ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით აიღონ, რათა უკან მაშინ გაფრინდნენ, როცა მოესურვებათ! რომლებსაც უფლება კი არა აქვთ ევროპაში ჩაფრინდნენ და საკუთარი გემოვნებით აირჩიონ ოტელი, არამედ წინასწარ ბრმად უნდა შეარჩიონ – ინტერნეტის მეშვეობით! კიდევ, საქართველოს მოქალაქეებმა მესაზღვრეს უნდა წარუდგინონ მოწვევა ნათესავებისგან, რათა მესაზღვრემ ისინი უკან, სახლში არ გამოისტუმროს. ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ ერთი რამის უფლებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს – ტურისტებად ჩავიდნენ ევროპაში და იქ ფული დახარჯონ!
მაშ რით განსხვავდება ვიზალიბერალიზაცია ამჟამინდელი სავიზო რეჟიმისგან, როცა ვიზები ისედაც მოწვევებით გაიცემა საელჩოების მიერ, ხოლო ტურისტული ფირმები შენგენის ნებისმიერ ქვეყანაში ისედაც მთელ სერვისს გვთავაზობენ – ვიზებს, სასტუმროს ჯავშანს და ბილეთს ორი მიმართულებით?! არაფრით, აი აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში კი საქართველოს მოქალაქეები უწინდებურად ვერ მოხვდებიან – ამ ქვეყნებში უწინდებურად არ ენდობიან ქართველებს, რომლებიც ინგლისისა და ამერიკის წარმოშობამდე 20 საუკუნით ადრე პოემებს წერდნენ, ტაძრებს აგებდნენ და ოთხ ხმაში მღეროდნენ...
მაშ რაში გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია? პრემიერმა ღარიბაშვილმა განმარტა: „იმისათვის, რომ ქალაქები დაძმობილდნენ“ – ახალგაზრდა პრემიერმა არ იცის, რომ დაძმობილებული ქალაქების ტრადიცია სტალინმა სსრკ–ის დროს შემოიღო; „გაცვლით სტუდენტურ და სამოქალაქო პროგრამებში, საზაფხულო სკოლებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობისათვის“ – მაგრამ ეს პროექტები ვიზალიბერალიზაციის გარეშეც წარმატებით ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების მიერ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ხაზით; „თავისუფალი ვაჭრობის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის“ – აი აქ კი ღრმად პატივცემული პრემიერი ვალდებულია იცოდეს, რომ დასავლეთის ფავორიტმა სააკაშვილმაც კი, მისი გიგანტური მცდელობებისა და ლობისტური კავშირების მიუხედავად, ვერ შეძლო ქართული პროდუქციის გატანა ევროპულ ბაზარზე და რომ ევროსტანდარტების შეუსაბამო ქართული პროდუქციისთვის ერთადერთ ბაზარს რუსული ბაზარი წარმოადგენს!
პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ თუ რუსეთი არ შეისყიდის ქართულ პროდუქციას – ღვინოს, კონიაკს, მწვანილს, ციტრუსსა და სხვ. – საქართველოს ეკონომიკას კოლაფსი ელის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს კი, უკრაინულივით – დეფოლტი! ხოლო თუ რუსეთში მომუშავე ჩვენი მილიონი თანამემამულე შეწყვეტს საქართველოში ფულის გამოგზავნას თავისი ოჯახებისა და ახლობლებისთვის (წელიწადში დაახლოვებით 6 მლრდ დოლარი), ნახევარი საქართველო შიმშილით ამოწყდება...
სხვათა შორის, თბილისში ევროზეიმამდე ერთი დღით ადრე – ხუთშაბათს, 2015 წლის 17 დეკემბერს – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ტრადიციულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი კვალავაც გააგრძელებს ქართული პროდუქციის შესყიდვას, რომ რუსეთი მზადაა აღადგინოს დიპურთიერთობები საქართველოსთან და დამდეგი, 2016 წლის თებერვლიდან გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. მაშ, იმავე დღეს რატომ არ მოაწყეს დღესასწაული თბილისში და არ გაანათეს ქალაქი სამ ფერში – იმ ქვეყნის დროში ფერად, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ქართული დიასპორა ცხოვრობს?! რუსეთის სახელმწიფო დროშის, რომელიც აბსოლუტურად ლიბერალურად ეკიდება ვიზალიბერლაიზაციას საქართველოსთვის, ისევე, როგორც მთლიანობაში – საქართველოს მისწრაფებას ევროპისკენ?!
ანდა კიდევ როგორ უნდა მოეკიდო 21–ე საუკუნეში კეთილი ნების ცივილიზებული ადამიანების ურთიერთობებისთვის ნებისმიერ ბარიერის გაუქმებას?! მეც ერთობ დადებითად ვეკიდები ამ პროცესს, მე გვარად ხომ ხიდირბეგიშვილი ვარ - ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს შვილი, რომელსაც თავად ღმერთმა უბრძანა, იქცეს ხიდად ევროპასა და აზიას შორის. ხიდად, და არა ევროპად!
დავუბრუნდეთ ღარიბაშვილის საზეიმო გამოსვლას წინა პარასკევს: პრემიერ–მინისტრმა გაგვახარა, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ჩვენ შევძლებთ „გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობას, საქმიანი შეხვედრების გამართვას და ოჯახებით სტუმრობას ნათესავებსა და ნაცნობებთან ევროპაში“. აი აქ კი ნამდვილად „ecxusez-moi s’il vous plait“: დიახ, ირაკლი ღარიბაშვილი – ტრადიციული ლამაზი ქართული ოჯახის შვილი და სამაგალთო მეოჯახეა - ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი, რომლის ორცოლიანობაში დადანაშაულებაც ნაციონალებმა გადაწყვიტეს. თუმცა, მათი კერპი სააკაშვილი გარყვნილებას ეძლეოდა სადაც მოუხვდებოდა და ვისთანაც მოუხვდებოდა, ტრანსგენდერებთანაც კი (არ ჩამოვთვლი იმ ქალიშვილების გვარებს, რომლებმაც მიშას საწოლიდან პირდაპირ მინისტრებისა და პარლამენტარების სავარძლებში, ასევე, სხვა, პრეზიდენტის სხეულთან უფრო დაახლოებულ თანამდებობებზე ისკუპეს!).
ღარიბაშვილი კი მკვეთრად კნინდება ქართველი ხალხის თვალში, როცა აცხადებს, რომ ჩვენ, თანაც ოჯახებითურთ, შეგვიძლია ევროპაში გავისეირნოთ! ღმერთმა მისცეს ბატონ ირაკლის ამაზე 100–ჯერ მეტი კეთილდღეობა, მაგრამ მან უნდა ილაპარაკოს როგორც პატარა, დანაწევრებული ქვეყნისა და ღარიბი ხალხის პრემიერმა და ხელოვნურად არ მიაკუთვნოს თავი შავი ჯიპების მფლობელებს – ამ ქვეყნის ბრძანებლებს, უწინდელებსა და ამჟამინდელებს, ასტრონომიული ხელფასებითა და პრემიებით! ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ მდიდრებისთვისაა, თუმცა, განა მდიდრებს როდოსმე ჰქონიათ საზღვარგარეთ გამგზავრების პრობლემა?!
აი ბანდიტებისათვის, მეძავებისა და იმ საცოდავებისთვის, რომელიც იძულებით გადადის საზღვარს, რათა მოსამსახურეობით იშოვოს ლუკმაპური, ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად კარგია! ევროკავშირი ხომ არ აძლევს საქართველოს მოქალაქეებს მუშაობის უფლებას ვიზალიბერალიზაციის შემდგომაც კი, ამიტომ ნახევარზე მეტი იქ არალეგალ მიგრანტებად დარჩება – მონად 21–ე საუკუნეში. ესენი კი, ძირითადად, მთელ ევროპაში ცნობილი ქართველი ქურდები, ბავშვებისა და მოხუცების მომვლელები და მეძავები არიან.
თუმცა არა მარტო ეს: ვიზალიბერალიზაცია გამოიწვევს საქართველოდან ბოლო დარჩენილი კვალიფიციური კადრების გადინებას - უცხო ენის მცოდნე შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლებისა და პროფესიონალების სერვისის სფეროდან – ოსტატების, მზარეულების, კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტებისა და სხვ., რის შედეგადაც საქართველო დაცარიელდება, ბალტიისპირეთის ქვეყნებივით.
და მთავარი: პრემიერს, რომელმაც აფხაზური ენა შეისწავლა, არ შეიძლება არ ესმოდეს, რომ რაც მეტად უახლოვდება საქართველო ევროპასა და აშშ–ს, მით მეტად შორდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ხოლო ვიზალიბერალიზაციის აქტით ევროკავშირმა პრაქტიკულად აღიარა მათი დამოუკიდებლობა!
„საქართველომ დააკმაყოფილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა“, – განაცხადა წინა პარასკევს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. როგორ აკმაყოფილებს მათ საქართველო?
ერთ–ერთი მოთხოვნათაგანია – ტოტალური გადასვლა ბიომეტრიულ პასპორტებზე, რომლებიც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მრევლის პროტესტის მიუხედავად, მიღებული იქნა.
კიდევ ერთი – ანტიდისკრიმინაციული კანონი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მკვეთრი პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული.
შემდეგი მოთხოვნა – სააკაშვილის გაშვება ქვეყნიდან და კოაბიტაცია წინა ხელისუფლებასთან. ასევე შესრულებულია!
უსასრულოდ დიდხანს გაჭიანურდეს ჟვანიას მკვლელობის საქმე, რომლის კვალი „დემოკრატიის შუქურა“ სააკაშვილთან მიდის. შესრულებულია!
უარი ითქვას კანონიერი მფლობელისათვის „რუსთავი 2“–ის დაბრუნებაზე. შესრულებულია! არადა, ის, რაც ნამდვილად გადმოსაღებია მენტალური კატასტროფის ზღვარზე მდგარი ლიბერალური ევროპისგან, არა ერთსქესიანობის ღირებულებები, გეი–აღლუმები, ინცესტი და ევთანაზიაა, არამედ თანასწორობა კანონის წინაშე და სასამართლო სისტემა, რომელიც სჯის პოლიტიკური და სამსახურებრივი მდგომარეობის მიუხედავად! მაგრამ განა ისეთ ცოდნას ჩამოგვიტანენ ევროპიდან ბანდიტები და მეძავები, როგორიც თავის დროზე ორბელიანმა ჩამოგვიტანა?! იმის ნაცვლად, რომ ბუნებრივად შევითვისოთ ახალი ცოდნა, ტექნოლოგიები, გავითვალისწინოთ ევროპის ქვეყნებისა და აშშ–ის საუკეთესო გამოცდილება და, ამავდროულად – გავაგრძელოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა მეზობელ ზესახელმწიფოსთან, ჩვენ ვამჯობინეთ ევოლუციური პროცესების ტოტალურად პოლიტიზება, კონფლიქტურად დავუპირისპირეთ რა მათ რუსეთთან ისტორიული კავშირები, თითქოს ეს აბსოლუტურად შეუთავსებელი და ურთიერთგამომრიცხავი იყოს! სანაცვლოდ კი არაფერი მიგვიღია, იმიტომ, რომ ეს არის ხიდი არსაით...
ხიდი არსაით – ეს სააკაშვილის პლასტმასის ხიდია, რომლის აღებასაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გვპირდებოდა. ეს ხიდი აკავშირებს საპატრიარქოსა და სიონის შორის მაშას აგებულ ბუდა–ბარს ევროპის მოედანთან. ასე გადაარქვა სახელი სააკაშვილმა 100 ათასი წმინდა მოწამის სახელობის მოედანს მცხეთის ხიდთან, რომელზეც 1226 წლის 3 ნოემბერს, ჯალალ–ედ–დინის ბრძანებით, თავი მოჰკვეთეს ქართველებს, რომლებმაც სიონიდან გამოტანილ ხატებს არ დააბიჯეს... 8 საუკუნის წინ ჩვენმა წინაპრებმა სიკვდილი არჩიეს ქართული ღირებულებების ღალატს, სამაგიეროდ, შთამომავლებამდე მოიტანეს ენა ქართული, მამული საქართველო, სარწმუნოება მართლმადიდებლური. როგორ განვაგებთ ამ საუნჯეს და რას დავუტოვებთ შთამომავლებს – ქართველმა ხალხმა, და არა GEOხელისუფლებამ და GEOოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 23 დეკემბერი
საქართველო, თბილისი