პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებისთვის საახალწლო მიღება მოაწყო

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა.

 „თუკი გადავხედავთ ჩვენს წარმატებებს ამ წლის განმავლობაში, დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ერთი წელიწადი გავიდა. იანვარში მე და ჩემმა გუნდმა დავსახეთ მიზნები და პრიორიტეტები, დაწყებული ევროინტეგრაციით და დამთავრებული რეფორმებით, რათა საქართველო გამხდარიყო რეგიონალური და გლობალური მოვლენების მნიშვნელოვანი მონაწილე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ასპექტში დიდ წინსვლას მიაღწია.

  • ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება სწრაფად წარიმართა - ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ და ევროპარლამენტმა უკვე განახორციელეს მისი რატიფიცირება;
  • ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში უზარმაზარი წინსვლა დაფიქსირდა - ევროკომისიამ საბოლოო დადებითი ანგარიში გამოაქვეყნა;
  • საქართველოსთვის მინიჭებულმა არსებითმა პაკეტმა ხელი შეუწყო ნატოსთან ურთიერთობების განმტკიცებას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვიზის ლიბერალიზაცია თავიდანვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო და საქართველოს მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა განხორციელებინა რეფორმები, კანონმდებლობისა და მმართველობის ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად.

მოხარული ვართ, რომ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშში ცალსახად აღნიშნულია, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს და მზად არის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად“, - განაცხადა პრემიერმა.