საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და კოსოვოს უვიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს. როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინება, ასეთი რეკომენდაციით ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოვიდა.
"დღეს დილით ჩვენ კარგი საქმე გავაკეთეთ", - ასე შეაფასა იუნკერმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროპული კომისიის დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება.
ანგარიშის თანახმად, ევროპული კომისია ევროკავშირის საბჭოს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით № 539/2001 რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს.
2001 წლის 15 მარტს მიღებული რეგულაცია № 539/2001 იმ ქვეყნების სიას შეიცავს, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასასვლელად ვიზა ესაჭიროებათ.