საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რეფორმების ეროვნულ საბჭოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომელშიც ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი და პრემიერ–მინისტრი არსენი იაცენიუკი ფიგურირებენ.
“ეროვნულ საბჭოში დაუშვებელია აგრესია და შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ქსენოფობიური კონტექსტით. მიუღებელია ვინმეს უყვიროდე, რომ უკრაინიდან წაეთრეს. მე პირადად მოვიწვიე უკრაინაში რეფორმატორთა გუნდი, რომლებიც უკრაინელები გახდნენ არამხოლოდ პასპორტით, არამედ სულითაც. და მე ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორუფციასთან ბრძოლა შოუ-ბიზნესის სფერო არ არის და არც სახელმწიფო მოხელეები და არც სახალხო დეპუტატები მსგავს სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდნენ”, - განაცხადა პოროშენკომ.
პრეზიდენტმა, ასევე, გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციაში დადანაშაულების გამო და შეახსენა, რომ კორუფციასთან ბრძოლა შოუბიზნესის ნაწილი არ არის და რომ სახელმწიფო მაღალჩინოსნები მსგავს სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდნენ.
„ანტიკორუფციული შოუებიდან ანტიკორუფციულ საქმეებზე გადასვლის დროა“, - აცხადებს პრეზიდენტი პოროშენკო.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა წყალი შეასხა და ქვეყნის დატოვება მას შემდეგ მოსთხოვა, რაც მინისტრის მიერ დასმულ კითხვას სააკაშვილი მძაფრი რეაქციით გამოეხმაურა და სხდომა ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა.