პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის ელჩს შეხვდა

 საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, „აბრეშუმის გზის“ აღორძინება და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების განვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ძი იანჩის შეხვედრის მთავარი თემები.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი აბრეშუმის გზის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სახმელეთო მარშრუტის როლს. პრემიერმა განაცხადა, რომ "აბრეშუმის გზის" ამოქმედებით, საქართველო იბრუნებს ისტორიულ მისიას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აკისრია. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა 13 დეკემბერს საქართველოში პირველი ტრანზიტული მატარებლის შემოსვლის მნიშვნელობა, რომელიც ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს.

შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრემიერს საჩუქრად წიგნი და ცხენის სკულპტურა გადასცა და აღნიშნა, რომ ცხენი ჩინეთის იმ დინასტიის სიმბოლოა, რომლის მმართველობის დროსაც „აბრეშუმის გზა“ ყველაზე მეტად იყო განვითარებული და ამასთანავე, ის გამარჯვების სიმბოლოდ მიიჩნევა.