საქართველო, 21 დეკემბერი, საქინფორმი. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ეკლესიის სახელით, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში.
„ევროკომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისკენ. ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხისთვის და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისთვის... გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვფიქრობთ არა მხოლოდ იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა, არამედ რას შევიტანთ ევროპაში. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა არა მარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კუტურას", - განაცხადა პატრიარქმა.
„ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ ვიზის გარეშე ევროკავშირში მოგზაურობას. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქვეყნის აღიარება, ჩვენი მიღწევების დაფასება და აღიარება. ვიზიარებ პატრიარქის სულისკვეთებას, რომ ჩვენივე მდიდარი კულტურითა და ფასეულობებით უნდა გავხდეთ ევროსტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. ევროკავშირის გარდა, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, ვიზების გარეშე იმოგზაურონ, როგორც მეზობელ, ისე შორეულ ქვეყნებში. ჩვენი მთავრობა ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ჩვენ ვიცით იმ წვლილის შესახებ, რომელიც შეიტანა საქართველომ ევროპულ ცივილიზაციაში. ასევე კარგად მოგვეხსენება იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც საქართველოს ეკლესიამ ითამაშა როგორც ამ პროცესში, ისე ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში. თქვენო უწმინდესობავ, ამ ჭრილში, მინდა მადლობა მოგახსენოთ ძალისხმევისთვის, მხარდაჭერისთვის, რათა საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა.
შეხვედრის დასარულს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ევროკავშირის წარმომადგენლობისხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს წმინდა ნინოს ჯვარი უსახსოვრა.