პოლიტიკა
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა

 საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. 2015 წლის 15 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ქართულ უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციაზე, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მიზნით განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპრებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების საკითხზე.

ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.