საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და „Human Dynamics“-ის მიერ განხორციელებული პროექტის – „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ – შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. ირაკლი შოთაძემ იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რაც პროკურატურაში ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„ევროკავშირი არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ უშუალოდ პროკურატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, რომელიც საკუთარი პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს ჩვენს უწყებას რეფორმირებაში, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელს, მოსამართლე რენატე ვინტერს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
პროექტი „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. შემაჯამებელ შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელებმა და ბენეფიციარი უწყებების წარმომადგენლებმა გაწეული სამუშაოების ანგარიში წარმოადგინეს.