საზოგადოება
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლებს პენსია 216 ლარი ექნებათ, ექიმების ხელფასი კი 1010 ლარი

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

 როგორც სხდომის დაწყებამდე საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, მთის განვითარების საბჭო იმსჯელებს იმ სფეროებზე, რაზეც უნდა გავრცელდეს საგადასახდო შეღავათები მაღალმთიანი მოსახლეობისთვის. ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს მომავალი წლიდან პენსია 216 ლარი ექნებათ. ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, იზრდება სოფელში მომუშავე ექიმების ხელფასი და ის 1 010 ლარი იქნება. ქუცნაშვილის განცხადებით, მაღალმთიან რეგიონებში შემოღებული იქნება ელექტროენერგიის შეღავათი და გათბობის სპეციალური პროგრამაც. "პენსიონერებისთვის დაწესდება 20%-იანი დანამატი, ყოველთვიურ მინიმალურ პენსიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიცია, რომელიც დაგვჩხაოდა, რომ 50 ლარით გაზარდეთ პენსიაო, მაღალმთიან რეგიონებში მომავალ წელს ჯამურად პენსია გაიზრდება 56 ლარით და შეადგენს 216 ლარს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.