რელიგია
მიქაელ ბოტკოველი – საპატრიარქოს ვინ შეამოწმებს ელისაშვილის გასარკვევი არ უნდა იყოს

 საქართველოს საპატრიარქოს ვინ შეამოწმებს, ალეკო ელისაშვილის გასარკვევი არ არის – ასე გამოეხმაურა საპატრიარქო საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებას, იმის შესახებ, რომ საპატრიარქოს ფინანსური ხარჯვა აუდიტის სამსახურმა შეამოწმოს.
საპატრიარქოს პრესმდივანი მიქაელ ბოტკოველი “სივილ პრესთან” საუბარში აცხადებს, რომ საპატრიარქოს საქმიანობის მონიტორინგი ხორციელდება და შესაბამისი ანგარიშები საპატრიარქოს ვებგვერდებზეც დევს.
 „მე არ მინახავს მან რა კომენტარი გააკეთა ამ საკითხზე, მაგრამ ალეკო ელისაშვილს საკრებულოში საკმაო ასპარეზი აქვს და იქ შეუძლია თბილისში მიმდინარე საკითხებზე იმსჯელოს. საპატრიარქოს ვინ შეამოწმებს ვფიქრობ, რომ ეს ელისაშვილის გასარკვევი არ უნდა იყოს. მე რამდენადაც ვიცი ის თანხა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ეძლევა სახელმწიფოსაგან, ამ თანხაზე მონიტორინგი არსებობს, ეს გაწერილია, დევს საპატრიარქოს, როგორც ფინანსური განყოფილების, ისე საგანმანათლებლო დეპარტამენტის საიტებზე. რატორმ ჩნდება შეკითხვები ამ საკითხზე, არ ვიცი.
არის შესწავლილი, ამოწმებს ამას სახელმწიფო. ელისაშვილმა თუ უნდა უთხრას კიდევ შეამოწმონ, კი ბატონო შეამოწმონ. ელისაშვილს მე მგონი ბევრი საქმე აქვს საკრებულოში და ჯობია იმ საქმეებით დაკავდეს ალბათ, ვიდრე ამ თანხებით. ეს თანხები არასწორი მიმართულებით რომ მიდიოდეს, აქამდე ერთი ამბავი ატყდებოდა.
 მე ვფიქრობ, რომ ვიღაცას უნდა არასწორად გაიგოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩამოშლილია, აბოსულუტურად გარკვევით, ხახვს და ნიორს რომ ყიდულობენ, ესენიც კი გაწერილია ამ თანხებში. რომელ დაწესებულებას საპატრიარქოსთან არსებულს რა დაფინანსება ეძლევა, როგორ იხარჯება. პანსიონატის ტიპის დაწესებულებებისთვის როგორ იხარჯება. უპატრონოთა თავშესაფარში როგორ იხარჯება, ბავშვთა თავშესაფარში როგორ იხარჯება. ეს ყველაფერი ჩამოთვლილია და რაღატო უჩნდება ალეკო ელისაშვილს და კიდევ სხვა ადამიანებს ასეთი კითხვები მე არ მესმის.
საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო ეკონომიკური საბჭოს საიტი და ნახეთ საპატრიარქოს საგანმანათლებლო ცენტრის საიტი. იქ ნახავთ, აბსოლუტურად ამომწურავად ამ ინფორმაციას”, – განუცხადა “სივილ პრესს” მიქაელ ბოტკოველმა.
 “სივილ პრესი” შეეცადა მითითებულ საიტებზე შესაბამისი ინფორმაცია მოეძებნა. როგორც აღმოჩნდა საფინანსო ეკონომიკური საბჭო საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეულია და მას ცალკე საიტი საერთოდ არ გააჩნია. orthodoxy.ge-ზე კი ინფორმაცია მხოლოდ მისი დასახელებისა და საბჭოს თავმჯდომარის, ეპისკოპოს იაკობ ცურტაველის შესახებ იძებნება. “სივილ პრესი” შეეცადა ეპისკოპოსისგან გაეგო, თუ სად შეიძლება საპატრიარქოს ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშის ნახვა, თუმცა დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.
რაც შეეხება საპატრიარქოს საგანმანათლებლო ცენტრს, მისი ინტერნეტ მისამართია venakhi.ge, რომლის მთავარ გვერდზეც, სტატიაში სახელწოდებით “სახელმწიფოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსების საკითხისათვის”, ვკითხულობთ საგანმანათლებლო ცენტრის თავმჯდომარის, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის სიტყვებს:
 “თუ ვინმეს აინტერესებს რაში იხარჯება ხსენებული თანხა, მას შეუძლია მიმართოს ფინანსთა სამინისტროს და ითხოვოს ახსნა-განმარტება. საპატრიარქო თავის საქველმოქმედო საქმიანობას არ ახმაურებს. შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა იციან, რაში იხარჯება ეს თანხა. თუ ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან, რომ ეს ინაფორმაცია საჯარო გახდეს, ეს მათი უფლებაა. ჩვენ მათ უფლებაში ვერ ჩავერევით.
ზოგადად გეტყვი, რომ საპატრიარქოს წიაღში არსებობს 40-მდე ზოგად-საგანმანათლებლო სკოლა, 5 სემინარია, 2 აკადემია, 2 უნივერსიტეტი, არსებობს საავადმყოფოები, კლინიკები და კოლეჯები. რომელს რამდენი თანხა გამოეყოფა, ეს ინფორმაცია სრულად არის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის საკითხი. ვისაც აინტერესებს, შეუძლია მიმართოს მათ.
რადგან სახელმწიფო გამოყოფს ამ თანხებს ეკლესიისათვის, მხოლოდ სახელმწიფო არის უფლებამოსილი შეამოწმოს მიზნობრივად იხარჯება თუ არა ეს თანხები; და თუ ვინმეს უჩნდება ეჭვი, შეუძლია მიმართოს სახელმწოფოს და მისგან მიიღოს განმარტება”.

http://mpress.ge