პოლიტიკა
„ლამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს!“ – ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა პატრიარქისთვის შეწყალების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით გაკეთებული საკუთარი განცხადება.

 „ემოციური დღე იყო, პატრიარქიც ესწრებოდა სპექტაკლს. ლამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს, ჩვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და დაგვაბრალეს ანტისახელმწიფოებრიობა. საცოდავები არიან ის ადამიანები, რომლებიც მიზეზს ეძებენ, როგორღაც თავს დაესხან, იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, მისი პიროვნება თუ მთავრობა... საუბარი იყო პატრიარქის ჩართულობის გაზრდაზე შეწყალების პროცესში.

 მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მომართვა, რა თქმა უნდა, გამიჩნდა ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლობისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქციაც არის შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის გაზრდა ამ პროცესში. აქ რა იყო გაუგებარი? ან ანტისახელისუფლებო, ან ანტისახელმწიფოებრივი? კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ყველას თავს დაგვესხნენ. მაინტერესებს ამდენი სიძულვილი და აგრესია საიდან დაუგროვდათ ამ ადამიანებს. სამწუხაროდ, შემდეგ საპატრიარქოს მოუწია განმარტების გაკეთება. არავინ ითხოვდა კანონის შეცვლას, მითუმეტეს არც კონსტიტუციის შეცვლას. პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება, მითუმეტეს თავის დაცვა არ სჭირდება. პირიქით ჩვენ გვჭირდება მგონი მისი დაცვა. საზოგადოებას თუ რამე შეკითხვა დარჩა, მგონი ამ განცხადებით ყველა კითხვა მოიხსნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.