საზოგადოება
რუსეთთან დღეს არსებული ფორმატი იძლევა პროგრესის მიღწევის საშუალებას მისი მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში - გიორგი კვირიკაშვილი

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილისთვის უცნობია რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა მისი წინამორბედის დროს საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შესაქმნელად. გიორგი კვირიკაშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიას ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთთან დღეს არსებული ფორმატი იძლევა პროგრესის მიღწევის საშუალებას.

 "კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. გერმანიის ბიზნესწრეების წარმომადგენლების მხრიდან იყოს გაჟღერებული ეს მოსაზრება. მე ვფიქრობ, რუსეთთან დღეს არსებული ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ პროგრესი მიღწეული იყოს, თუ რა თქმა უნდა რუსეთის მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება. გერმანია ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ზოგადად, მისი ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობ, ნებისმიერი კონსტრუქციული როლი, რომელიც შეიძლება ამ პროცესში მესამე მხარემ ითამაშოს მისასალმებელი იქნებოდა იმ მიმართულებით, თუკი ისინი მოახდენდნენ ზეგავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე უპირველეს ყოვლისა მოსკოვში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნას. როგორც ალასანიამ აღნიშნა, სწორედ გერმანიას შეუძლია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირებაში კონსტრუქციული როლი ითამაშოს. ალასანიას თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული იყო მაია ფანჯიკიძის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს, თუმცა ეს არ გაგრძელებულა.