საზოგადოება
მე არ მჯერა, რომ თინას ეთქვას რაიმე ასეთი ლენინგრადის ბლოკადის თაობაზე - გიორგი კვირიკაშვილი

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ლენინგრადის ბლოკადა იყო გმირობის მაგალითი და ის ხელშეუხებელია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსკოვისთვის მიუღებელია თინა ხიდაშელის ანტირუსული რიტორიკა, საკუთრივ კი ის განცხადება, რომელიც ხიდაშელმა ლენინგრადის ბლოკადასთან დაკავშირებით გააკეთა.

 „მთავარი საკითხია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მკაფიო ანტირუსული რიტორიკა. პირველ რიგში, ეს ეხება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსებისთვის სანქციები სულერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 90 დღე ძაღლების და კატების ჭამას. იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადს. ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს", - განუცხადა ოთხშაბათს, 2015 წლის 9 დეკემბერს, ჟენევის მოლაპარაკებათა 30–ე რაუნდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ქართულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას არ ჰგონია, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისგან რბილ განცხადებებს უნდა ელოდოს. რაც შეეხება თინა ხიდაშელის განცხადებას, მე არ მჯერა, რომ თინას ეთქვას რაიმე ასეთი ლენინგრადის ბლოკადის თაობაზე. ეს მოვლენა იყო გმირობის მაგალითი მაშინ, საბჭოთა კავშირის ერების არაერთი წარმომადგენლისა და ის ისეთივე ხელშეუხებელი და ისეთივე საამაყოა, როგორც ძალიან ბევრი ასეთი გმირობა მრავალი ერის ბრძოლისა ფაშიზმის წინააღმდეგ, ამიტომ მე არა მგონია, რომ თინას ასეთი რამ ეთქვას. ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა მრავალი ერი. 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ ბრძოლაში. მათ შორის იყვნენ ჩემი ოჯახის წევრებიც. ეს გმირობის მაგალითები, როგორიც იყო კონკრეტულად ლენინგრადის ბლოკადა, არის საამაყო ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ერებს წარმოვადგენთ დღეს უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების სახით, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2015 წლის 19 აგვისტოს, აშშ–ში თავისი მორიგი ვიზიტს დროს, „მშვიდობის ინსტიტუტში“ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, კერძოდ, განაცხადა: "მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთი რამ არის საყურადღებო - ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხჭამვირთხებს და კატებს 900 დღე ლენინგრადის ბლოკადის დროს. კრიზისი იყო მეორე მსოფლიო ომის, მაგრამ ისინი გადარჩნენ და გაიმარჯვეს. ამ ქვეყანასთან გვაქვს საქმე.

ასე რომ ყველა ცნება სიდუხჭირისა და ბედნიერების რაც აქ ამერიკაში გვაქვს, ან საფრანგეთში, ან იტალიაში არის სრულიად შეუსაბამო (რუსეთთან – საქინფორმი). და ეს არის შეცდომა, რომელსაც ყველა ვუშვებთ. საქართველო ნაკლებად, ვიდრე სხვა ქვეყნები.

მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი იმ ფაქტის მიმართ, რომ დემოკრატიული მსოფლიო გაერთიანდა რაღაცის გარშემო, არ ვფიქრობ რომ მარტო სანქციები მიაღწევს მის მიზანს.

ალბათ, იმიტომ, რომ ამომრჩეველთა უმეტესობა რუსეთში მიიჩნევს, რომ ყველა უბედურება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ეკონომიკური ვარდნა, სიღარიბე და ა. შ. ამ სანქციების გამოისობით ხდება.

არსებობს ხალხი, რომლებიც მოკვდებიან როგორც გმირები კაპიტალისტური მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე მათ თქვან, რომ მათი მთავრობის ცუდი გადაწყვეტილების შედეგია ეს პრობლემა.

ეს პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, როცა ამის საუკეთესო სპეციალისტები იყვნენ და თუ დღევანდელობას შევხედავთ, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ Russia Today-ს და სხვა ბევრ მსგავს არხს და კომუნიკაციის საშუალებას, რომელიც კრემლიდან იმართება", – განაცხადა მაშინ ხიდაშელმა, რომელიც საქართველოს ყველა უბედურების მიზეზად მოსკოვსა და „რუსულ პროპაგანდას“ მიიჩნევს.