პოლიტიკა
„გვაქვს აშშ–ის კონგრესის სრული ორპარტიული მხარდაჭერა მხარდაჭერა“ - ხიდაშელი

  საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღეს თინათინ ხიდაშელი კონრესმენებს - მაიკ კონავეის, მაკ ტორნბერს, ადამ სმიტს, ჯეფ მილერსა და სენატორებს - ჯონი ისაკსონსა და დევიდ პერდიუს შეხვდა.

კონგრესმენებმა და სენატორებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. აღინიშნა კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ნატოში ინტეგრაციის საკითხების მიმართ.

შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრების მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური წვლილის შეტანის მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაციასთან მუშაობა გააძლიერონ.

 „ძირითადად საუბარი გვქონდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით შეიძლება გადაიდგას კონგრესის მხრიდან, კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებზე, რომელიც შეიძლება მიიღონ აქ, ამ შენობაში და დაეხმაროს საქართველოს ერთი მხრივ რეფორმების უფრო წარმატებით განხორციელებაში, მეორე მხრივ კი პრაქტიკული ინსტრუმენტების შექმნაში, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ჩვენი შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის მაქსიმალური სტანდარტის მიღწევაში.

 გვაქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა - დემოკრატებიც, რესპუბლიკელებიც თანაბარი ენთუზიაზმით გვხვდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავისკენ მიმავალ გზაზე ეს მხარდაჭერა უკვე პოლიტიკურ დოკუმენტებსა და კონგრესის მიერ მიღებულ აქტებში იქნება გამოხატული“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.