საზოგადოება
„საქართველოს ადგილმდებარეობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენი დერეფანი დღითიდღე მეტ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბულგარეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი, როგორ უნდა განვავითაროთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ჩართულობა აბრეშუმის გზის აღდგენის, ასევე, ირანთან ურთიერთობის საკითხებში და აზერბაიჯანთან სტრატეგიული საკითხების მოგვარებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბულგარეთისგან საქართველოს ბევრი მაგალითის აღება შეუძლია, რადგან მათ უკვე გაიარეს ის გზა, რომელსაც ახლა საქართველო გადის.

ეს არის ევროინტეგრაციის გზა, იგივე უვიზო მიმოსვლა, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ევროკომისიისგან დადებითი პასუხი გვექნება. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევ შეხვედრის მთავარი თემები იყო.

ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ბულგარეთი ევროპული ინტეგრაციისა და ვიზის ლიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მზად არის.