სამართალი
„დამთავრდება საპრეზიდენტო ვადა და გამოვალ რეზიდენციიდან!“ - მარგველაშვილი (ვიდეო)

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა. პრეზიდენტმა გადაცემა "ბარიერში" ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება მოუწევს (ვიდეო იხ. აქ).

"როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალა, ან ავტორიტეტული პიროვნება მიგითითებს რა უნდა აკეთო და შენ დაემორჩილები, როგორ დაიცავ მერე სხვა ადამიანს, როგორ იქნები ბალანსი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა გადაცემაში უშიშროების საბჭოს ფორმატზე და პრემიერ-მინისტრის მიერ აღნიშნული ფორმატის უგულვებელყოფაზე ისაუბრა.

"უშიშროების საბჭო არის ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ორგანო, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები, ხელისუფლების სამივე შტოდან, ხვდებიან ერთმანეთს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ. აქ უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა და მით უმეტეს, კონკურენტები ამ შეხვედრაზე არავინ არ ვართ ერთმანეთის და არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის მოსაგები.

ამ შეხვედრამ ის ერთიანი ხედვა უნდა შექმნას, რომელიც საქართველოს დაცულობას გააღრმავებს. ამის გააზრებამდე ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვართ მისულები. იმედი მაქვს, ამის გააზრება მოხდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.