სამართალი
შსს-მ „ნიკორა“-ს საფირმო მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დეტექტივების სამმართველოების და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ნუკრი . ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დაკავებული, 2015 წლის 30 ნოემბერს, ღამით, თბილისში, „ნიკორა“-ს საფირმო მაღაზიაში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდი გასროლით მაღაზიის დაცვის თანამშრომელი გივი . დაჭრა, ამავე იარაღიდან მოლარის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, 250 ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.