პოლიტიკა
„თუ ოდესმე არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" 40%-ს მიიღებს, ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად“ - უსუფაშვილი

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ საერთაშორისო კონფერენციაზე"დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რაც შეეხება ჩემს განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ ოდესმე არჩევნებში "რესპუბლიკური პარტია" 40%-ს მიიღებს, ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად. მე ვგულისხმობ იმას, რომ ეს ფორმულა თანაბრად ეხება ყველა პარტიას. თუ გვინდა მრავალფეროვნება, თავისუფლება, უნდა შევეგუოთ იმას, რომ საზოგადოებაში არც ერთ პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ე.წ. საკონტროლო პაკეტი 50 + 1. ამ ამოცანას პარტია არ უნდა ისახავდეს. პარტიისთვის ეს არ უნდა იყოს აუცილებელი მოთხოვნილება. მაშინ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს ნახევარზე მეტი ჩვენნაირი. რატომ უნდა იყოს ჩვენნაირი, როდესაც ვიცი, რომ არ არის ჩემნაირი. მე თუ ამას მოვითხოვ, მერე სხვაც ხომ ჩემგან ამას მოითხოვს. სხვა შეეცდება იმას, რომ მე მაინცდამაინც მისიანი გავხდე.პარტიებმა უნდა გავაძლიეროთ, გავზარდოთ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ არ უნდა დავისახოთ ამოცანად, რომ ახალ კომუნისტურ პარტიად მოვევლინოთ ამ ქვეყანას. ეს ეხება რესპუბლიკელებსაც და ყველა სხვა პარტიასაც. დღეს რესპუბლიკელები ვსაუბრობდით ჩვენ შიდა წრეში, ამიტომ რესპუბლიკელებთან ვიხმარე ეს გამოთქმა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.