საზოგადოება
საქართველოში მარჯვენა საჭიან ავტომანქანებს აკრძალავენ – საქინფორმი მხარს უჭერს შს მინისტრის ინიციატივას

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. მთავრობა, საგზაო ტრანსპორტის პოლიტიკის, უსაფრთხო საგზაო მოძრაობის და ეკოლოგიური მდგომარეობის ოპტიმიზაციის მიზნით, პარლამენტს კანონში ცვლილებების პროექტს წარუდგენს.

მთავრობის ინიციტივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს.

სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი 50%- გაუტოლდა. ასეთი რამ მსოფლიოს ორ ქვეყანაშია, სადაც მარცხენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობაა და ეს ქვეყნებია - ავღანეთი და ბირმა. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მაქსიმალური დასაშვები პროცენტული რაოდენობა ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია. 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო - 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა; 2014  წელს - 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000 მარჯვენასაჭიანი; ხოლო 2015 – 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების ცვლილება დაგვჭირდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივას დროულად და მისასალმებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსგავს საკითხებზე საჭიროა დროული რეაგირება.

პრემიერ-მინისტრმა თბილისში ეკოლოგიის კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და გარემოს დაცვის მინისტრს საწვავის გეგმური შემოწმების გაგრძელების თხოვნით მიმართა.