საზოგადოება
„აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნები უსამართლო იყო!“ - ცესკოს ექსთავმჯდომარის აღიარება

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ასე უპასუხა ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად პოლიტიკური გაერთიანება "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა წამყვანის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევაფასოთ აქამდე ჩატარებული არჩევნები, თუ საარჩევნო კოდექსი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, წინააღმდეგობაში ყოფილა კონსტიტუციასთან.

"სამართლის ენაზე აქამდე ჩატარებული არჩევნები იყო კანონიერი, რადგან კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს, მაგრამ რაც შეეხება სამართლიანობას, ყველა არჩევნები, რომელიც ტარდებოდა არსებული კოდექსით, მათ შორის მაშინაც, როცა მე ვიყავი ცესკოს თავმჯდომარე, იყო უსამართლო", - განაცხადა ხარატიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის თოქ-შოუ „არგუმენტების“ დროში, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ.