რელიგია
მამა გაბრიელის წმ. ნაწილები ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში პარაკლისი შესრულდა და წმიდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის წმიდა ნაწილები ლუსკუმით შეაბრძანეს ტაძრის საკურთხეველში, შემდეგ კი მისთვის განკუთვნილ ახალ ადგილზე, ქვის სარკოფაგზე დაასვენეს.

სარკოფაგი მოწყობილია ტაძრის მარცხენა მხარეს. ის ირანიდან ჩამოტანილი ონიქსის ქვისგანაა დამზადებული. მასზე მოქანდაკე ჯონდო აფრიდონიძის ჯგუფი მუშაობდა, ხოლო ქვის კამარაზე – მოქანდაკე პაატა გიგაურის ჯგუფი.

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მას ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი უწოდა. 2013 წლის 20 თებერვალს წმიდანი წმიდა ნაწილების აღმოყვანება მოხდა სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში არსებული მისი საფლავიდან.

მამა გაბრიელის ხსენების დღე 2 ნოემბერია.