საზოგადოება
"რუსთავი-2"-ის საქმე საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა

საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოს 13 ნოემბრის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლითაც ტელეკომპანია "რუსთავი-2“– ში დროებითი მმართველების დანიშვნის ნორმები შეჩერებულია, მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საკუთარი განჩინება არ შეცვალა, საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმე სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თამაზ ურთმელიძე რუსთავი2-ის საქმეზე გავიდა სამართლებრივი სივრციდან. ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მან დანაშაულებების ჩადენაც დაიწყო, ვინაიდან საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა არის დანაშაულის ჩადენა. თამაზ ურთმელიძე ვალდებული იყო, დამორჩილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან სახეზე გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოსამართლე ურთმელიძე ყალიბდება კრიმინალად“, - აცხადებს "რუსთავი2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი." რუსთავი2-ის ადვოკატების განცხადებით, ხელისუფლება პროცესებში ჩარევას აგრძელებს.