სამართალი
შსს: „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტში სავიზო კონტროლი გამკაცრდა“

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის - გიორგი მღებრიშვილის დავალებით, საქართველოს

სახელმწიფო საზღვრის ყველა გამშვებ პუნქტში სავიზო კონტროლი გამკაცრდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ახდენენ მგზავრებთან დეტალურ გასაუბრებას

და მათი ვიზიტის ნამდვილი მოტივაციის გამოვლენას. განსაკუთრებული ყურადღებით მოწმდება ქვეყანაში შემომსვლელთა სამგზავრო დოკუმენტები, კონტროლდება სატრანზიტო მგზავრთა ნაკადი, რათა მაღალი რისკების მქონე ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს გავლით, სხვა ქვეყნებში არალეგალურად არ მოხვდნენ.

შს მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების მიზნით, გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობა და მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2015 წლის 14-დან 24 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს.