სამართალი
ნიკოლოზ მჟავანაძე: „პროკურატურას უნდა დაუბრუნდეს ის კადრები, რომლის გადინებაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა“

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. მას შემდეგ რაც საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძეს კანდიდატურას დაუჭირა მხარი, პარლამენტში  მის დამტკიცებაში ეჭვი აღარავის ეპარება.

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ  საპროკორორო საბჭოს არჩევანთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა:

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის არჩევა მოხდა გამჭირვალედ. პროკურატურის აღნიშნული რეფორმა წარმატებით შეაფასეს ვენეციის კომისიამ, ბრიუსელში ასოცირების საბჭოს მეორე სხდომამ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორებმა, პროკურორთა და მოსამართლეთა კორპუსმა.

ვფიქრობთ, შოთაძეს ძალუძს პროკურატურაში წარმატებული რეფორმების განხორციელება, მაგრამ ამისათვის მას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან საკანონმდებლო ცვლილებებისა და  დაფინანსების გაზრდის გარეშე პროკურატურაში რეფორმები ვერ განხორციელდება.

ირაკლი შოთაძემ აუცილებლად უნდა გადახედოს პროკურატურის დღევანდელ შემადგენლობას და მიიღოს საკადრო ცვლილებების  შესახებ გადაწყვეტილება, რადგან ეს ნამდვილად ესაჭიროება ამ უწყებას. და რაც მთავარია პროკურატურას უნდა დაუბრუნდეს ის კადრები რომლის გადინებაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა.  დღეს   პროკურატურას ჰაერივით ესაჭიროება პროფესიონალი კადრები, ასეთი კადრები კი სამწუხაროდ ორ და სამ წელიწადში ვერ ყალიბდებიან, რადგან საამისოდ წლებია საჭირო“, – განაცხადა, კერძოდ, ნიკოლოზ მჟავანაძემ.