აქტუალური
ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. 2015 წლის 19 ნოემბერს პრაღაში ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში გაიმართა მორიგი შეხვედრა. ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი კვანჭახაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან სალუქვაძე. რუსეთის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე, სტატს-მდივანი გრიგორი კარასინი, ტრანსპორტის მინისტრის მრჩეველი იგორ პეტროვი და საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის საქართველოს  განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაქსიმ ლიტვინოვი.

შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა ცხინვალის რეგიონში ადამიანების სისტემატური  დაკავებების, გალის რაიონის სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის შეზღუდვისა და  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მავთულხლართების აღმართვის თაობაზე. აღინიშნა, რომ რუსეთის ამგვარი ნაბიჯები წარმოადგენს, როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის, ადამიანური ნორმების უხეშ დარღვევას.

განხილულ იქნა პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ნომენკლატურის გაფართოების, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით.   რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რათა უახლოეს მომავალში ამოქმედდეს გამარტივებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის.