აქტუალური
თინა ხიდაშელი: „განხილვის მთავარი საკითხი იყო პროგრესი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით“

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი კანადაში, ჰალიფაქსში, სადაც უსაფრთხოების ფორუმი მიმდინარეობს, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე რობერტ უორკს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები მის მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ მთელ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. თინათინ ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ აისახება ვარშავაში ნატოს მომავალი სამიტის დეკლარაციაში და ქვეყანა ალიანსისგან ძლიერ პრაქტიკულ და პოლიტიკურ გზავნილებს მიიღებს.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში აშშ-ის როლი და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართული მხარის მზაობა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.

განხილვის მთავარი საკითხი იყო პროგრესი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით. ეს იყო ერთგვარი გაგრძელება იმ საუბრის, რომელიც 20 აგვისტოს, ჩემი ვაშინგტონში ვიზიტის დროს ამერიკის თავდაცვის მდივანთან ბატონ კარტერთან შეხვედრის დროს დავიწყეთ. დღეს უკვე შედგა პირისპირ შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ყველა დეტალი იმ ახალი ტიპის ურთიერთობებისა, რომელიც გვინდა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სფეროში გაჩნდეს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.