აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: „არაერთმა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა მითხრა, რომ ისინი ამაყობენ ალექსანდრე ქართველის მიღწევებით“

საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვია და ქართველი ემიგრანტი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორი ალექსანდრე ქართველის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი  გამოფენა დაათვალიერა.

ალექსანდრე ქართველი არის გენიოსი ავიაკონსტრუქტორი და ნოვატორი, რომელმაც ისეთი თვითმფრინავები შექმნა, რითაც დღემდე ამაყობენ ამერიკელები. დღესაც  აქტიურად გამოიყენება ამერიკულ ავიაციაში მისი დიზაინით შექმნილი თვითმფრინავი A-10. ჩვენ გვყავდა ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ბუმბერაზი ადამიანები. მათ  ასახელეს არა მხოლოდ ქართველი ხალხი, არამედ მსოფლიოში შექმნეს ინოვაციური პროექტები და განახორციელეს ნოვატორული იდეები. მათი სახელებით ამაყობენ სხვა ერები და ჩვენ კი სამწუხაროდ გვავიწყდება ისინი. მინდა გავიხსენო ამერიკაში ვიზიტი, როდესაც შევხვდი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მაშინ არაერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა მითხრა, რომ ისინი ამაყობენ ალექსანდრე ქართველის მიღწევებით“,–განაცხადა პრემიერმა ექსპოზიციის ნახვის შემდეგ.

ჩვენ გვინდა, რომ დაახლოებით 100  ქართველის ბიოგრაფიულ ცნობებს და მათი  მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევიტანოთ სასწავლო პროგრამაში, რათა მათ მაგალითებზე აღიზარდონ ჩვენი შვილები. დარწმუნებული ვარ, ამ  გამოფენის ნახვის შემდეგ,  ახალგაზრდებს გაუჩნდებათ ინტერესი და მოტივაცია, რომ თავადაც შექმნან რამე ნოვატორული“, – აღნიშნა პრემიერმა.