აქტუალური
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა სახელით

1-haaga-aqt-2საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. 12 ნოემბერს ფონდი ღია საზოგადოება- საქართველოს ორგანიზებით ხუთმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წერილობით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მიმართვას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, (საია), კონსტიტუციის 42-ემუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ამავე სასამართლოს 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომ საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

ამ მიმართვით, ზემოაღნიშნული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულთა სახელით, მხარს ვუჭერთ პროკურორის შუამდგომლობას გამოძიების დაწყების თაობაზე და დამატებით მოვითხოვთ, რომ გაფართოვდეს გამოძიების ფარგლები.

გამოძიებამ აუცილებლად უნდა მოიცვას ქართველი სამხედრო ტყვეების წამების და სამოქალაქო პირებისათვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ასევე გამოძიებულ უნდა იქნას კოდორის ხეობიდან ქართველების დევნის და მათი საკუთრების განადგურების ფაქტები.

ომის შედეგად დაზარალებულებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რადგან ამ დრომდე მათ ვერ აღიდგინეს დარღვეული უფლებები. დაზარალებულებს აქვთ მოლოდინი, რომ დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად ყველა დამნაშავე დაისჯება“, – ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ მიმართვაში.