უცხოეთი
საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. იორდანიის მეფე აბდულა მეორემ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკები კაცობრიობის წინააღმდეგ მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა და მსოფლიო საზოგადოებას ამ საშიშროების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
“ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და გაბედულად, რათა კონტინენტთაშორისი საფრთხეები ავიცილოთ, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აზიასა თუ ევროპაში”,- განაცხადა აბდულა მეორემ.
იორდანიის მეფე, 54 წლის აბდულა მეორე, ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალების ყოფილი მეთაურია. მან 1980 წელს ბრიტანეთის სენდჰარსტის სამხედრო სამეფო აკადემია დაამთავრა, მოგვიანებით კი სამხედრო ელიტარული ვერტმფრენის, კობრას პილოტი გახდა. თებერვალში, ISIS-ის ბოევიკების მიერ იორდანელი პილოტის ცოცხლად დაწვით განრისხებულმა აბდულა მეორემ განაცხადა, რომ მზადაა, პირადად შეებრძოლოს ტერორისტებს.