საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, კერძო საკუთრების ხელყოფის და მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
აქედან გამომდინარე, აჭარის ა/რ პროკურორმა გივი პაპუაშვილმა პროკურატურაში დაიბარა აკურას ღვინის ქარხნის მეპატრონეები, შპს „რთველი XXI“-ს დამფუძნებლები თეიმურაზ მეგრელიშვილი, ნოდარ მოდებაძე და დირექტორი ვახტანგ ჩახვაძე, რომელთაც სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აღებული ჰქონდათ 2 600 000 ლარამდე ოდენობის სესხი.
პაპუაშვილმა მათ გადასცა ივანე მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის კატეგორიული მოთხოვნა, რომ 2 თვეში დაეფარათ სს „საქართველოს საზღვაო ბანკი“-დან აღებული კრედიტი, ხოლო თუ ამას ვერ შეძლებდნენ, მაშინ უსასყიდლოდ დაეთმოთ აკურას ღვინის ქარხანა, წინააღმდეგ შემთვევაში მათ შეექმნებოდათ პრობლემები.
2004 წლის 7 სექტემბერს ნოტარიული წესით გააფორმეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „რთველი XXI“-ის 100%-იანი წილი, რომლითაც მეგრელიშვილი და მოდებაძე ფლობდნენ თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანას, აჩუქეს სახელმწიფოს.