უცხოეთი
პუტინმა A321–ის ბორტზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლების განადგურება მოითხოვა

1-prikaz-zar-1საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სირიაში სამხედრო ოპერაციის გააქტიურება მოითხოვა. როგორც "ინტერფაქსი" იტყობინება, ამის შესახებ პუტინმა კრემლში, ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების შედეგებისთვის მიძღვნილ თათბირზე განაცხადა.

"სირიაში ჩვენი ავიაციის საბრძოლო მუშაობა არამხოლოდ უნდა გაგრძელდეს, არამედ ისე უნდა გააქტიურდეს, რათა დამნაშავეები მიხვდნენ - შურისძიება გარდაუვალია", - განაცხადა პუტინმა.

მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს მიმართა, სირიაში სამხედრო ოპერაციის გააქტიურების საკითხზე შესაბამისი წინადადებები წარადგინონ.

როგორც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ტერორისტული აქტი გახდა.