რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: თინა ხიდაშელი უნდა გადადგეს!

1-Arn-pol-1-red-mtპარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, „შიდა მოხმარების“ პუბლიკაციაში, მე კონკრეტული რეკომენდაციები მივეცი შსს–ს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თავდაცვის სამინისტროს, პრევენციული ოპერატიული ღონისძიებების გასატარებლად თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ტერაქტების აღკვეთის მიზნით.

 

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხეების არიდების მიზნით, ვაძლევ პოლიტიკური ღონისძიებების გატარების რეკომენდაციებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სახელმწიფო საბჭოს, რომელსაც პრემიერი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

ნეპოტიზმი სკკპ–ს დროს სისხლის სამართლებრივად ისჯებოდა. კაპიტალიზმის დროს ნეპოტიზმი დასავლური დემოკრატიული ღირებულებებისათვის შეუთავსებელ მოვლენად ითვლება: აშშ–სა და ევროპაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ მეუღლეებს ერთდროულად სტრატეგიული სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ეხელმძღვანელათ. ეს ლოგიკურია, ოჯახში ხომ ერთ–ერთი მეუღლე, ჩვეულებრივ, პრევალირებს მეორეზე (მისი უსიტყვო თანხმობით, ან უთანხმოებით). გარდა ამისა, მეუღლეები ინტიმურ ურთიერთობაში არიან და ამ კოაბიტაციაშიც იკვეთება უფროსი. ამგვარად, ერთს მეუღლეს, როგორც მინიმუმ, უფრო მეტი გავლენა აქვს, თუკი არ იქვემდებარებს მეორეს!

პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი არ არის, მით უფრო – მედიაში, ოღონდ მარტო იმ შემთხვევაში, თუ ის არ ემუქრება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს! გახსოვთ, აშშ–ის პრეზიდენტი ბილ ქლინთონის ცოლქმრულმა ღალატმა როგორ ლამის გამოიწვია მისი გადადგომა და სამთავრობო კრიზისი?!

საქართველოში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრის პრესინგის ქვეშ იმყოფება, ამიტომ ქმრის – დავით უსუფაშვილისა და ცოლის – თინა ხიდაშელის ერთდროულად სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე ყოფნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსისთვის საფრთხეს წარმოადგენს. დღეს საქართველოში მოსამართლეებიც კი ახდენენ თვითაცილებას, თუკი მათი ცოლები ოდესღაც პროცესის მონაწილე ერთ–ერთ მხარესთან მუშაობდნენ!

ამიტომ იმისათვის, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში მიიღონ, დაგვიჩქარონ ევროასოციაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესები, თინა ხიდაშელი უნდა გადადგეს!

აშშ–სა და ევროპაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ თავდაცვის მინისტრს აეღო რიგგარეშე შვებულება, რათა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში თავისი თანაპარტიელი გაეყვანა! ძნელი წარმოსადგენია, აშშ–ის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის ანდა ნატოს ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომელიც რაიონულ საარჩევნო შტაბში ხმებს ითვლის, მანამდე კი, სხვა მინისტრებთან ერთად, სააგიტაციო მიტინგებს ატარებს თავისი ფავორიტის სასარგებლოდ... საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა ისე უტიფრად და აშკარად, როგორც ამას ვერ ბედავდა თავად სააკაშვილი, რითიც უპრეცედენტოდ უხეშად ჩაერია საარჩევნო პროცესში და დაარღვია ადამიანის ერთ–ერთი საბაზო უფლება – არჩევანის თავისუფლება!

ამიტომ, როგორც სახელმწიფო ჩინოვნიკი, რომელმაც საკუთარი თავის დისკრედიტება მოახდინა, სანამ მისით არ დაკავებულან საგამოძიებო ორგანოები, თინა ხიდაშელი უნდა გადადგეს!

 

საქართველოში არჩევნებისას, ემიგრანტებისთვის იხსნება საარჩევნო უბნები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში - რუსეთის გარდა, სადაც ყველაზე დიდი ქართული დიასპორაა. ამ მილიონზე მეტ ქართველს ჩვენ რუსეთში მუშაობისა და იქიდან საქართველოში – თავისი ოჯახების, ნათესავებისა და მეგობრებისათვის ასობით მილიონი დოლარის გადმორიცხვის უფლებას ვაძლევთ, თუმცა ხმის მიცემას ვუკრძალავთ, რათა მათ, ვინიცობაა, მხარი არ დაუჭირონ „პრორუს“ კანდიდატს (თუმცა, ასეთები დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიას არც ახსოვს)... 

სამაგიეროდ, ხმის მიცემის უფლებას ვაძლევთ პატიმრებს, რომლების სიცოცხლე არის დამოკიდებული ციხის დირექტორზე და ვალდებული არიან, დაემორჩილონ ციხის შინაგანაწესს. ჩვენთან ხმას აძლევენ პოლიციელები და სამხედროები, რომლებიც ვალდებულნი არიან დაუყონებლივ დაემირჩილონ სამხედრო წესდებას და შეასრულონ უფროსობის - მეთაურების ბრძანებები (სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციელი ანდა სამხედრო მოსამსახურე მთელი ცხოვრება უმუშევრად რჩება, აღდგენის უფლების გარეშე).

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოიყენა თავისი მორჩილი ხელქვეითების – ახალგაზრდა ჯარისკაცების, ხმები, რომლებმაც უპირობოდ მისცეს ხმა თავისი მინისტრის ფავორიტს, ამიტომ თინა ხიდაშელი უნდა გადადგეს!

„მოიგო“ რა, ამგვარად არჩევნები, თავდაცვის მინისტრმა კიდევ უფრო დაძაბა ისედაც არაკეთლსაიმედო პოლიტიკური ვითარება საქართველოში, გამოიწვია პროცესების ესკალაცია და გააღრმავა განხეთქილება საზოგადოებაში, მოახდინა რა სახელმწიფო კანცელარიასთან არჩევნებში რეალურად მოგებული ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ მასობრივი შიმშილობის პროვოცირება, რითიც მნიშვნელოვნად შეარყია ნდობა მთავრობისა და პრემიერ–მინისტრის, პოლიციისა და საარჩევნო კომისიის, საზოგადოებრივი ლიდერი ბიძინა ივანიშვილისა და სასამართლოების მიმართ.

ამიტომ, როგორც საქართველოს სახელმწიფო სტაბილურობის №1 საფრთხე, თინა ხიდაშელი უნდა გადადგეს!

 

აშშ–სა და ევროპაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ნულოვანი რეიტინგის მქონე პარტია ხელმძღვანელობდეს სახელმწიფოს! საქართველოს „რესპუბლიკურ პარტიაში“ იმდენივე წევრია, რამდენიც მინისტრი და სხვა მაღალჩინოსანი – პარლამენტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს მდივანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვ.

ამიტომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უნდა დატოვოს ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა, თავისი რეალური ელექტორატის თანახმად, მათ შორის – თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უნდა გადადგეს!

 

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დანიშნა NDI-ს (აშშ–ის ნაციონალურ–დემოკრატიული ინსტიტუტი) თავმჯდომარე მადლენ ოლბრაიტმა – ისევე, როგორც მანამდე IRI-ს (აშშ–ის რესპუბლიკური დემოკრატიული ინსტიტუტი) თავმჯდომარე ჯონ მაკკეინმა დანიშნა თავდაცვის მინისტრად დიმიტრი შაშკინი . თუმცა თვით ამერიკის ხელდასხმულ მარიონეტებს შორის ხიდაშელი გამოირჩევა გასაოცარი გაუნათლებლობითა და უკულტურობით, რაც პრიმიტიულსა და აგრესიულ ადამიანებს ახასიათებთ. გარდა ამისა, არ შეიძლება ვერ შენიშნო მისი არაადექვატური მიმიკა და ჟესტები საზოგადოების წინაშე – ნევროზული გრიმასები და მოუსვენარი მოძრაობები მიკროფონთან, რაც არაჯანსაღ ფსიქიკაზე მეტყველებს, აღარაფერი რომ არ ვთქვათ თანდაყოლილ სიავეზე. საეჭვოა, თავდაცვის მინისტრისთვის ე. წ. „ფსიხო“ მოეთხოვათ ათობით ათასი პროფესონალი სამხედროს სათავეში დანიშვნისას, რომლებიც მსუბუქი და მძიმე შეიარაღებით არიან აღჭურვილი, რაც უკიდურესად სახიფათოა!

ამიტომ თინა ხიდაშელი უნდა გადადგეს!

 

თბილისში ნატოს სასწავლო საწვრთნელი ცენტრის გახსნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თბილისი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების №1 სამიზნედ აქცია!

საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენით, თავდაცვის მინისტრმა საქართველო რუსეთის სამიზნედ აქცია, რომელიც იძულებულია, საპასუხოდ აქეთ დაუმიზნოს თავისი რაკეტები!

თავდაცვის მინისტრმა დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც, როცა ინფლაციის, დევალვაციისა და ტოტალური უმუშევრობის პირობებში, ვითომდა ტერორისტებისგან დასაცავად, საფრანგეთისგან შეისყიდა ხალხის  – სახ. ბიუჯეტის ასობით მილიონი დოლარით ზემოხსენებული სისტემები, რომლებმაც ვერ იხსნეს თვითონ ფრანგებიც პარიზში!

მთლიანობაში, თავდაცვის მინისტრად 8–თვიანი მუშაობის მანძილზე თინა ხიდაშელმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას იმაზე მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში!

ამიტომ თინა ხიდაშელი უნდა გადადგეს!

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2915 წლის 18 ნოემბერი
საქართველო, თბილისი

1-Arn-polit-1-red-qvem