რედაქტორისგან
2015 წლის 16 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კონფერენც-დარბაზში, ახალი პოლიტიკური პარტიის - “ნეიტრალური ევრაზიული საქართველო” - პრეზენტაცია გაიმართა

1ev-mt-analitსაქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზენტაციაზე პარტიის წევრთა გარდა საზოგადოების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრა გახსნა პოლიტიკური პარტია ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს დამფუძნებელმა ბატონმა არჩილ ჭყოიძემ, რომელმაც პარტიის წარდგინების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

არჩილ ჭყოიძე: “ჩვენი ახლადფეხადგმული პარტია, მისი იდეები და ამოცანები თანხვედრილია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. პარტიის ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს იდეის ავტორები მხოლოდ ჩვენ არ ვართ.- ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაისვა ამ საკითხის აუცილებლობა. უდიდესი ქართველები, როგორებიც იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე, სხვანი და სხვანი მოუწოდებდნენ ჩვენს ქვეყანას ნეიტრალიტეტის გზაზე შედგომისკენ.

თავად ნეტარი მამა გაბრიელ ქიქოძე ამბობდა: საქართველოს გზა, საქართველოს ხსნა ნეიტრალიტეტიაო. ამ იდეის მხარდამჭერები ვართ ჩვენ. წმინდა მამა გაბრიელ ქიქოძის ადრინდელი კურთხევა უნდა განახორციელოს ჩვენმა თაობამ მაინც. 

ხშირად გვეკითხებიან, თუკი ნეიტრალური საქართველო, მაშინ რა შუაშია ცნება ევრაზიული? და, ამ კითხვის პროვოცირებისა და გაზვიადებისთვის ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ეს მიმართულება რუსეთიდან არის დაფინანსებული და მათ მიერ, ასე ვთქვათ, ჩაწვეთებული მოსაზრებაა.მაგრამ, რას ნიშნავს თვით ტერმინი ევრაზიული?!

იმედი მაქვს, რომ ამას ახსნა არ სჭირდება, მაგრამ ორიოდე სიტყვით მაინც ვიტყვი -  სწორედაც რომ ევრაზიული, რადგან საქართველო გეოგრაფიულად ევრაზიაა. საქართველო არის ევროპა, არის აზიაც. დგას აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე და რეალურად, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევრაზიული სივრცის ნაწილია.

პარტია ნეიტრალური ევრაზიული საქართველო შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ერეკლე II-ის საზოგადოების ბაზაზე, ამ ორგანიზაციის წევრების მოთხოვნითა და მონაწილეობით. ჩვენს გვერდით არიან საზოგადოების პატივსაცემი ადამიანები, ღვაწლმოსილი ხალხი, რომლებიც წლების განმავლობაში იდგნენ ჩვენს გვერდით და ფიქრობდნენ საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხებზე.

რამდენიმე სიტყვით თვით ერეკლე II-ის საზოგადოებაზე მინდა მოგახსენოთ.

9 წლის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ჩვენზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ერეკლე II-ის საზოგადოება“ იყო პრორუსული ძალა, კრემლისგან, ფსბ-სგან, რუსეთის სხვა ძალებისგან დაფინანსებული ორგანიზაცია, რომელიც, თითქოსდა, რუსულ საქმეს ემსახურებოდა, ვიმყოფებოდით რუსული გავლენის ქვეშ, რაც, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს.

მაშინ, როცა 2008-09-10 წლებში რუსეთში საქართველოდან ჩადიოდნენ პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, თუმცა ვერ ნახავ ვერც ერთი მათგანის გამოსვლებს, რომლებიც საუბრობენ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს პრობლემებზე.

ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც ტერიტორიების საკითხი დავაყენეთ ჟირინოვსკისთან, დუგინთან და სხვებთან.

რაც შეეხება დუგინს, ის არ გახლავთ საქართველოზე შეყვარებული, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც ვამბობდით, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება რუსეთის მხრიდან იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლებოდა ჩაედინა ამ ქვეყანას. ამით რუსეთმა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელმაც გაურთულა ურთიერთობა საქართველოსთან. არადა, ჩვენი თვალსაზრისით, საქართველოს გარეშე რუსეთი, რეალურად, ვერ შეძლებს წესრიგის დამყარებას კავკასიაში. გეოპოლიტიკურად საქართველოს მსგავსი პარტნიორი რუსეთს ვერ ეყოლება. ეს მშვენივრად იცოდნენ მე-17-18 ს-ის რუსეთის იმპერატორებმა და ამიტომაც აირჩიეს მაშინ საქართველო საყრდენად. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გაძლიერების შემდეგ შეძლო რუსეთმა გაემაგრებინა პოზიციები კავკასიაში. ერეკლე II-ის საზოგადოება კვლავაც გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ის არ არის პრორუსული ორგანიზაცია.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ჩრდილოეთის ვექტორის გათვალისწინება. არ შეიძლება ჩვენი მხრიდან უგულებელყოფილი იყოს რუსეთის სახელმწიფოს ინტერესები. ეს არაფერს კარგს არ მოიტანს.

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, პრაქტიკულად, ისეთ რეჟიმში, როცა არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. მომავალში რაიმე სახის კონფლიქტი რომ არ დაიწყოს აფხაზეთში, ცხინვალში, ან სხვაგან, არავინ გვაძლევს ამის გარანტიას. ეს რომ არ მოხდეს, უნდა აღსდგეს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის მმართველებს შორის.

რუსეთთან ტერიტორიული დავები ჩვენზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებს აქვთ, ისეთებსაც კი, რომლებიც არიან, მაგალითად, იაპონია, ამერიკა და სხვები. იაპონიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთთან მიმართებით არ გამოიყენოს სიტყვა ოკუპანტი, რადგან ეს ვერ მოახდენს კურილიის კუნძულების დეოკუპაციას. იგივე პრობლემაა ფინეთთან დაკავშირებითაც. ამ ქვეყნებს არც სავაჭრო და არც სხვა ტიპის ეკონომიკური ურთიერთობები აქვს გაწყვეტილი რუსეთთან, პირიქით, ცდილობენ დაუახლოვდნენ რუსეთს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ევრაზიული კავშირი იყო სსრკ-ს მსგავსი ორგანიზაცია, რაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გახლდათ გამიზნული დეზინფორმაცია. ეს არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, რომელსაც არავითარი საერთო არ აქვს პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსთან.

ევრაზიული კავშირი თავიდანვე სავაჭრო კავშირად იყო ჩაფიქრებული. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქართული პროდუქცია დაიკავებს არა მხოლოდ ყაზახეთის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების ბაზრებს, არამედ თვით რუსეთის მრავალმილიონიან ბაზარზე შეძლებს პროდუქციის განთავსებას, რაც უდავოდ წაადგება ჩვენს ეკონომიკას.

რა არის ჩვენი პარტიის ძირითადი ამოცანები?

ცნობილია, რომ მსოფლიო 90-იანი წლებიდან ერთპოლუსიანი გახდა. დომინანტი სახელმწიფო აშშ-ი იყო. 2000 წლის შემდეგ რეალობა შეიცვალა, რუსეთიც გახდა ანგარიშგასაწევი ძალა და ე. წ. მეორე პოლუსი, მაგრამ ამ წესრიგში იკვეთება კიდევ ერთი ძალა. ჩვენ ვხედავთ, იზრდება ჩინეთის ინტერესები მსოფლიოში. ცოტა ხნის წინ თბილისში ეკონომიკური ფორუმიც ჩატარდა - ახალი აბრეშუმის გზის სახელწოდებით. ფორუმზე ჩინეთის მხარემ განაცხადა, რომ მოწადინებულნი არიან სერიოზული ინვესტიციები ჩადონ ამ პროექტის განხორციელებაში.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენი თვალსაზრისით, აუცილებელია, საქართველომ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, რადგან საქართველო ვერ იქნება მხოლოდ დასავლეთის ქოლგისქვეშ. ჯერ სამხედრო ნეიტრალიტეტი, შემდეგ უკვე პოლიტიკური, ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო პოლიტიკური მოდელი იქნება.

ამ საკითხებზე უნდა ველაპარაკოთ დასავლეთს, აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, ირანს, თურქეთს, იმ ქვეყნებს, რომლებსაც შეუძლიათ ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილება, შეუწყონ ხელი საქართველოს ნეიტრალურ ქვეყნად ჩამოყალიბებას, რადგან საქართველოში არეულობა ხელს არ აძლევს არც ერთ ზემოთჩამოთვლილ ქვეყანას. კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში არეულობა ვისაც აწყობს, ეს არის აშშ-. მას ხელს აძლევს იყოს კონფლიქტური კერები მისგან შორს, რომ მერე ამ ამღვრეულ წყალში მიიღოს სარგებელი, როგორც მოხდა II მსოფლიო ომის დროს.

საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს არც ერთი ქვეყნის სამხედრო შენაერთები. ჩვენი აზრით, ახლა არის ზუსტად ის დრო, რომ ჩვენ დავიწყოთ საუბარი ნეიტრალიტეტზე.

თავისთავად ცხადია, არ ვამბობთ, რომ უნდა ვესაუბროთ მხოლოდ რუსებს, ვინაიდან მხოლოდ ერთ მხარესთან კონტაქტი ჩვენს ქვეყანას მიიყვანს ისეთივე დამღუპვბელ მდგომარეობამდე, როგორშიც ახლა ვიმყოფებით. მით უმეტეს, რომ რუსეთი არ გვთხოვს ფედერაციაში გაწევრიანებას და ა.შ. ამერიკისგან განსხვავებით, რომელთანაც, ფაქტობრივად, ვასალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. 

კვლავ გაგახსენებთ ილია ჭავჭავაძის და გაბრიელ ქიქოძის ხედვებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით და ყველა მზად ვართ, ყველა ადამიანს, რომლებსაც სისხლში არ აქვთ ხელი გასვრილი, ნებისმიერი რელიგიის, ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს, ვისთვისაც საქართველო სამშობლოა, ვემეგობროთ, გვერდით დავუდგეთ და ერთად ვიბრძოლოთ ერთიანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური ევრაზიული საქართველოსთვის!

გმადლობთ, რომ მისმენდით. შეგიძლიათ კითხვები დამისვათ და გიპასუხებთ“.

ავთანდილ კოჭლამაზიშვილი, უხუცესთ საბჭოს ხელმძღვანელი, ექიმი-კარდიოლოგი, აკადემიკოსი, პროფესორი: „დიდი ცოდნა არაა საჭირო იმისთვის, რომ რიგითმა ადამიანმა შეხედოს მსოფლიო რუკას, იქ იპოვოს საქართველოს მდებარეობა და ყველაფერი ნათელი არ გახდეს. მადლობა ღმერთს, საქართველო ასეთ ადგილზე მოუქცევია. ჩვენგან შესაძლებელი არის ყველანაირი გზის მოძებნა ყველა მსოფლიოს ქვეყანასთან.

ჩვენ ვიმყოფებით ევრაზიის გზაგასაყარზე. ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ევროპას ეკუთვნის, ნაწილი - აზიას შეადგენს. საქართველოს აქვს სრული უფლება, გამოიყენოს ღვთისგან ბოძებული გეოგრაფიული მდებარეობა, რომელსაც პირობითად, ევრაზიული მდგომარეობა ჰქვია.

ჩვენს პარტიასაც ასე დავარქვით  - „ნეიტრალური ევრაზიული საქართველო“.

რადგან ყოველი დიდი გზა პირველი ნაბიჯით იწყება, მე, ჩემი ჰუმანური პროფესიიდან გამომდინარე, მინდა დავლოცო ჩვენი დღევანდელი შეხვედრა. ჩვენი ერის სასიკეთო ყოფილიყოს ამ პარტიის საქმიანობა!“

ლევან ალადაშვილი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი: „მოხარული ვარ, რომ გვესწრებით. სერიოზული გეგმები და ამოცანები გვაქვს, რომელთა გადაწყვეტასაც, ცხადია, თქვენს გარეშე ვერ მოვახერხებთ.

ვაპირებთ, ხალხთან ვიქონიოთ მეტი კონტაქტი, გვქონდეს საუბრები, დისკუსიები ერთგვარი პლებისციტის ტიპის გამოკითხვები. ასეთი რამ სახელმწიფო დონეზე გაკეთდა, მაგრამ, ჩვენი აზრით, ჯერ ერთი, მაშინ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო და მეორეც, ხალხი ნაკლებად იყო გათვითცნობიერებული. მიგვაჩნია, რომ ხელახლა არის ჩასატარებელი პლებისციტი, რომ გავიგოთ, რა სურს სინამდვილეში ქართულ მოსახლეობას. ბოლოს და ბოლოს, საქართველო უნდა დაემსგავსოს იმ ქვეყანას, რასაც იმსახურებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი!“

ალექსანდრე ლურსმანაშვილი: „გორიდან გახლავართ და მივესალმები ნეიტრალიტეტის ამ შესანიშნავ იდეას. მსოფლიოში ისე ვითარდება მოვლენები, რომ ჩვენთვის აუცილებელი ხდება ნეიტრალური პოზიცია გვეკავოს. ბუმბერაზთა ომში არ უნდა ჩავერიოთ. ჩვენს გადაუდებელ პრობლემებს უნდა მივხედოთ.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ საქართველოს ხელახლა აქვს მოსაპოვებელი დამოუკიდებლობა, დასაწყებია ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.

ჩვენ დღეს არ ვართ დამოუკიდებელნი. ალბათ, მკითხავს ვინმე, ვისგან უნდა გავთავისუფლდეთ? მე გიპასუხებთ, უნდა გავთავისუფლდეთ ამერიკის დიქტატისგან და რაც უფრო ჩქარა გააკეთებთ ამას, უფრო მალე აყვავდება ეს ქვეყანა.

უნდა ვიქონიოთ მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები რუსეთთან. ამისთვის პროგრესული ძალების გაერთიანებაა საჭირო თავად ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენთვის ცნობილია, რომ შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი. გამოაცხადეს, რომ ამ ვილაიეთის მმართველს ერთ კვირაში დაასახელებენ. თუ რეგიონში შექმნილ სიტუაციას გავითვალისწინებთ, ადვილი სათქმელია, რომ აშშ-ის პოლიტიკა ჩვენ გაგვანადგურებს. მისი იმედი მუსულმანურ კოალიციებთან ბრძოლაში არ უნდა გვქონდეს. აქ მშველელად ისევ რუსეთი მიმაჩნია“.

არნო ხიდირბეგიშვილი, საინფორმაციო - ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი-ს მთავარი რედაქტორი: „მოხარული ვარ, რომ ნეიტრალიტეტის თემის გარშემო შევიკრიბეთ დღეს. ეს საკითხი ჩემთვის, როგორც პოლიტოლოგის და ანალიტიკოსისთვის, მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, არაერთხელ მისაუბრია და დამიწერია საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თემაზე.

საქართველო ოდესმე რომ იქნება ნეიტრალური სახელმწიფგო, მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ როდის და რის ფასად, ეს სხვა საკითხია... ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ამას მივაღწიოთ რაც შეიძლება ჩქარა.

მოკლედ მოგახსენებთ მთავარ თემებზე. როცა 2011 წელს ასტანაში მედია-ფორუმი ჩატარდა, იქ ძირითად საკითხად ევრაზიული კავშირის თემა დაისვა. სანამ 2011 წლის 3 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა დაწერა პირველი „საპრეზენტაციო“ წერილი ევრაზიულ კავშირზე გაზეთ „იზვესტიაში“, მე 4 თვით ადრე, ქართულ მედიაში გამოვაქვეყნე წერილები ევრაზიული გაერთიანების შექმნის იდეაზე (იხ. პუბლიკაცია „РИА Новости“-ში «Путь Грузии лежит в Евразийский союз»). ასტანიდან რომ ჩამოვედით, მე მივულოცე პრეზიდენტად გახდომა ვლადიმერ პუტინს და გამოვთქვი იმედი, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო აუცილებლად გამთლიანდემა.

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, რაც ხდება მსოფლიოში, რაც მოხდა საფრანგეთში, ყველაფერი ლოგიკურია და აბსოლუტურად ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს - არც ერთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა სისტემა და არც ერთი სამხედრო ბლოკი არ დაგვიცავს ტერორიზმისგან, მათი მდიდარი ტერორისტული ტაქტიკისაგან! საფრანგეთი, როგორც ვხედავთ, დღეს მოიცვა პანიკამ. საქართველოშიც რომ მოხდეს მსგავსი რამ, ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ძალიან დიდია, რადგანაც ამის ყველა წინაპირობა არსებობს.

დასამალი არაა, რომ სააკაშვილის წასვლის შემდეგ მხარს ვუჭერ ახლანდელ ხელისუფლებას. შედარებაც არ შეიძლება წინა რეჟიმთან, მაგრამ რჩება ერთი პრობლემა - ესაა ქვეყნის საგარეო კურსი, რომელიც არ შეცვლილა. ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის გაგრძელებით, ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნით ჩვენ უფრო მეტ სიღრმეში შევდივართ, საიდანაც ამოსვლა ძალიან რთული იქნება...  თუ ჩვენთან ნატო წვრთნებს დაიწყებს და ნატოს ქვეყნების ჯარისკაცები ანტიტერორისტულ მომზადებას გაივლიან, არაა გამორიცხული, რომ აშშ-ის მიერ შექმნილმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განხორციელოს აფეთქებები თბილისის ცენტრში!

სამხედრო კომისარიატების ბაზაზე არსებული სამობილიზაციო შტაბები, ქალაქების სამობილიზაციო გეგმები ხომ სსრკ-ს დაშლის მერე აღარ არსებობს, და ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ აღმვოჩნდებით პანიკის და განუკითხაობის საფრთხის წინაშე.

მიუხედავად ზემოჩამოთვლისა, ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ რუსეთთან, არ ვფიქრობთ ალტერნატიულ პოლიტიკურ გზებზე, არ ვმსჯელობთ ნეიტრალიტეტზე, როცა მთელი ევროპა და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა მუდმივი მოლაპარაკებების რეჟიმში არიან რუსეთის ხელისუფლებასთან, ჩვენი ხელისუფლება მუდმივი კრიზის-მენეჯერის რეჟიმშია გადასული, ანუ მოვლენებს ვერ უსწრებს და იძულებულად პოსტ-ფაქტუმ მომხდარზე რეაგირებს, რაც მე არ მახარებს...

ჩვენზე ამბობენ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, სწორედ ამის დამსახურებაა ალბათ, რომ ჯერჯერობით გადავრჩით, თორემ ყველა შემთხვევაში დიდი უბედურების წინაშე აღმოვჩნდებოდით, ამის საფუძველი საქართველოში დიდი ხანია, არსებობს, ყველა ლოგიკა და კანონი ამას გვიწინასწარმეტყველებს. სახელმწიფომ უნდა მოგვისმინოს ჩვენ - პროფესიონალებს და პატრიოტებს - და უნდა ჩატარდეს, ოპერატიულის გარდა, ახალი პოლიტიკური ღონისძიებები და ბოლოს და ბოლოს, განისაზღვროს - როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი! როგორც დიდმა ილიამ თქვა, "ჩვენი თავი ვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, ანუ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური!

საზოგადოებრივი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საჯარი გამოსვლების მესიჯებიდან გამომდინარე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის სულ ეძებს ახალ გზებს და ჩვენ მას ამ საქმეში გვერდით უნდა დავუდგეთ! დარწმუნებული ვარ, რომ, თუ საქართველოს და ქართველ ხალხს სასიცოცხლოდ დასჭირდა, ბატონი ბიძინა ერეკლეს გზას გაივლის“.

პეტრე მამრაძე, „სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი: „ვესწრები ამ შესანიშნავი იდეის მქონე პარტიის პრეზენტაციას და მადლობა უნდა ვუთხრა ბატონ არჩილ ჭყოიძეს, რომელიც, როგორც ერეკლე II-ის საზოგადოების ხელმძღვანელმა, მრავალი სასიკეთო საქმე განახორციელა და ასე აგრძელებს.

დღეს საქართველოსთვის ძალიან საჭირო საქმის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი.მინდა აღვნიშნო, რომ მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც საქართველოში განსაკუთრებული ვითარებაა. თითქმის ყოველთვის არსებობს ტაბუდადებული თემები და ადამიანები ვერ ახერხებენ იმის თქმას, რასაც ფიქრობენ. 1993 წლის შემოდგომაზე, სოხუმის დაცემის შემდეგ, მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და საგარეო კომიტეტის მდივანი, ყოველ დღე გვქონდა შეხვედრები ელჩებთან და სხვა უცხოელ პოლიტიკურ პირებთან. საუბრები იყო, რომ საქართველო თუ  არ გაწევრიანდებოდა დსთ-ში, დასავლეთს გაუჭირდებოდა მისთვის დახმარება.

კონფრონტაციული ქვეყანა დასავლეთს პარტნიორად ვერ გამოადგება.

ის, რაც ობამამ თქვა მოსკოვში სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას იყო შემდეგი _ ნატო ვერ დაიჭერს ურთიერთობას იმ ქვეყანასთან, რომელიც თავის მომავალს აგებს რუსეთთან კონფრონტაციაზე. შეგახსენებთ რასმუსენის რამდენიმე გამოსვლას, სადაც აღნიშნავდა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გადადგა პოზიტიური ნაბიჯები იქეთკენ, რომ ის ცდილობს მოაგვაროს ურთიერთობები რუსეთთან.

მაშინ, როცა ამბობდნენ, რომ დსთ-ში უნდა შეხვიდეთ, მე ვამბობდი, რომ ტაბუდადებული თემები არ არსებობს და ამაზე ჩვენ უნდა ვიფიქროთ-მეთქი.შევარდნაძემ იცოდა, რომ ეს აუცილებელი იყო.საკმარისია, კვლავ წამოიწიოს მსგავსი ტიპის თემა, იწყება იარლიყების მიკერება - პრორუსული, მოღალატე და ა.შ.

გახსოვთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა? უნდა შევისწავლოთ, ავწონ-დავწონოთ პლუსები და მინუსები და ისე გადავწყვიტოთ საკითხებიო. მე, მაგალითად, არ მიმაჩნია, რომ ნეიტრალიტეტი სიკეთეს მოუტანს საქართველოს და შემიძლია ამის დასაბუთება, მაგრამ საშინელებაა, საწინააღმდეგო აზრის მოსმენას რომ ვერ ბედავენ.

თუნდაც ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ადამიანებს, რომლებიც ბედავთ ნებისმიერ თემაზე საუბარს, რომელიც, შესაძლოა, საქართველოსთვის სიკეთის მომტანი იყოს. გახსოვთ, ნობელის პრემიის ლაურეატის გარი ბეკერის წერილი საქართველოზე და ის გამოძახილი მსოფლიოსგან, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის "ჩემპიონი" იყო. ყოველივე იმის შედეგი იყო, რომ ჩვენ დსთ-ს წევრი ქვეყანა ვიყავით და გრანდიოზული რეფორმები განხორციელდა მაშინ ქვეყანაში. ამის ინიციატორი, სხვათა შორის, შევარდნაძე გახლდათ.

ერთი სიტყვით, დიდი მადლობა, რომ ბედავთ ახალი სიტყვის თქმას. კარგია, რომ ასეთი პარტია შეიქმნა“.

1ev-1 1ev-2
1ev-3 1ev-4