ჯუმბერ კირვალიძე:"პატრიოტთა ალიანსმა" ბზარი გააჩინა "ქართული ოცნების" და "რესპუბლიკურ" პარტიებს შორის"!
საქართველო, 16 ნოემბერი,
საქინფორმი. დიახ, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები, ადვილად შესაძლებელია, რომ
"ქართული ოცნებას" და
"რესპუბლიკურ პარტიას" შორის განხეთქილების საბაბად იქცეს. კარგად მოგეხსენებათ, რომ საგარეჯოს არჩევნებში, ორი "რესპუბლიკელი" მინისტრის
თინა ხიდაშელის და
გიგლა აგულაშვილის დიდი ძალისხმევის შედეგად, "გამარჯვებულად გამოცხადდა" მათი კანდიდატი
თამარ ხიდაშელი, რომელმაც
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ–ერთი ლიდერი
ირმა ინაშვილი "დაამარცხა", რასაც მოჰყვა "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო გამოსვლები და შიმშილობა, რომელიც უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციასთან. მასმედიაში ამასთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება გამოითქვა, ბევრი სტატია და მიმართვა გამოქვეყნდა.
ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა
ღარიბაშვილმა შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს "ალიანსის" ლიდერებს, თუმცა, სამწუხაროდ მათთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონიათ. აღნიშნულ მოვლენას "რესპუბლიკური" პარტიის რაოდენიმე ლიდერიც გამოეხმაურა, რომლებიც ძირითადად იმით შემოიფარგლებოდნენ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ბრალდებას გაყალბების და არჩევნებზე "რესპუბლიკელი" მინისტრების ზემოქმედების თაობაზე გადაჭრით უარყოფდნენ...
მაგრამ, დღეს, რესპუბლიკური პარტიის მძიმეწონოსანმა ლიდერმა
დავით ბერძენიშვილმა, რატომღაც გადაწყვიტა (ალბათ, უკვე "განაღდებულად ჩათვალა ყველაფერი"!), რომ
"გულახდილად, გამარჯვებულის პოზიციიდან" ქართული საზოგადოებისათვის "მოეთხრო" და
"აღიარებითი მარგალიტები გვაჩუქა", რომლებიც დიდად შესაძლებელია, რომ მას სანანებლად და თავის გასამართლებლად გაუხდეს, – კოალიციის გაფართოებულ ფორმატში!.. აი, დ. ბერძენიშვილის ციტატა:
"ქართულ ოცნებაში“ არის ხალხი, ვისაც „პატრიოტთა ალიანსი“ მოსწონს და ისინი ამას არც ინტერვიუებში არ მალავენ(!). „ქართული ოცნების“ წამყვანი პირები და გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანები მარტვილსა და საგარეჯოში საკუთარი კანდიდატების ერთგულები იყვნენ. საარჩევნო კამპანია გაყოფილი სახელისუფლებო რესურსის პირობებში დაიწყო(!). საშუალო და დაბალ დონეზე ბევრს ეგონა, რომ სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ინაშვილი იქნებოდა(!). ცალკეული ადამიანები და ჯგუფები არიან, რომლებიც ხელისუფლებას სატელიტობას სთავაზობენ და თავს ხელისუფლების მოკავშირეებად აცხადებენ. ინაშვილი ხელისუფლების სატელიტობით და მასთან მოკავშირეობით ფონს გასვლას ცდილობდა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მივეცით(!). არჩევნები პოლარიზებული რომ არ ყოფილიყო, ასეთი კანდიდატი რომ არ დაგვესახელებინა და ისეთი ტაქტიკა რომ შეგვერჩია - ინაშვილიც კარგია, ჩვენი მხარდამჭერია, მაგრამ ჩვენი კანდიდატი სხვა არის-თქო, არჩევნებს ინაშვილი მოიგებდა(!). დაიმსხვრა მითი, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი მოწყვლადი და სუსტია. კოალიციის პარტიებიდან წარდგენილი კანდიდატების გამარჯვების სტატისტიკა რომ აიღოთ, ნახავთ, რომ ყველაზე მაღალი პროცენტი რესპუბლიკელებს აქვთ. ივანიშვილის კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა პლიუსია და არა მინუსი(!). როგორც წესი, რესპუბლიკელობა ცნობადობასა და კვალიფიკაციას ნიშნავს(!)". –
ციტატის დასასრული! ახლა კი, მე არ ვაპირებ, რომ პუნქტებად ჩამოვწერო (ფრჩხილებში, ძახილის ნიშნები დავსვი) რესპუბლიკელი
დ. ბერძენიშვილის ყველა ის ცინიკური და თავხედური ფრაზა თუ მინიშნება, რომლებიც კოალიცია "ქართული ოცნების" არარესპუბლიკელ წევრების და მისი ლიდერების მისამართით არის ნათქვამი. კეთილი ინებეთ და თავად გააანალიზეთ ყოველივე, სანამ კიდევ დროა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე! P.S. "პატრიოტთა ალიანსი" და
ირმა ინაშვილი კი, ბრავო, რომ "საგარეჯოს შერკინებით" ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და ბზარი გააჩინა "ქართული ოცნების" და "რესპუბლიკურ" პარტიებს შორის, რისთვისაც მას მადლობა ეკუთვნის პარტია "ქართულ ოცნებაში" მყოფი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსების მხრიდან!!!...