საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ასეთ კომენტარს აკეთებს ნატოს გენერალი რიჩარდ შირეფი საქართველოსთვის გაცემულ დაპირებაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
"აიპრესისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალი, ევროპაში ნატოს ყოფილი მთავარსარდლის მოადგილე რიჩარდ შირეფი ასევე რუსეთის წინაღმდეგ გატარებულ სანქციებზე და სირიაში რუსეთის ჩართულობაზე საუბრობს.„საქართველოში შეჭრის შემდეგ, ჩემი ხედვით, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვეულებრივ დაუბრუნდა ბიზნესის კეთებას რუსეთთან, რაც ძალიან სწრაფად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა საბჭოთა ქვეყანამ სცადა ძალით საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ჩემი მოსაზრებით, ისე გამოვიდა, რომ ამით თანამეგობრობამ სიგნალი გაუგზავნა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს, რომ აგრესია, რომელიც მან განახორციელა, თითქოს მისაღებია და დასავლეთი, საერთაშორისო თანამეგობრობა დაუბრუნდა ჩვეულებრივ ცხოვრებას. შემდეგ, 2014 წელს ჩვენ ვნახეთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ყირიმში და ეს მოწმობს იმაზე, რომ სანქციები უნდა განხორციელებულიყო 2008 წელს. სანქციებს ნამდვილად დიდი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე, თუმცა აგრეთვე ზიანი მიაყენა ევროკავშირის ეკონომიკასაც…
ნატო, როგორც გახსოვთ, შეჰპირდა საქართველოს და უკრაინას 2008 წელს ნატოში წევრობას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის პირობა, რომლის შესრულებაც შეუძლია ნატოს, რადგან თუ ნატოს უნდა, რომ საქართველო და უკრაინა ჰყავდეს წევრებად, ეს იმას ნიშნავს, რომ ნატოს ხელეწიფება საქართველოსა და უკრაინას წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხის გაცემა, რადგან საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ხოლო უკრაინის ორი პროვინცია ოკუპორებულია რუსი სეპარატისტების მიერ. ვიცით, რომ რუსეთი ამ ტერიტორიაზე აშკარად შეიჭრა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია ასეთი დაპირებების მიცემა კოლექტიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, მანამ, სანამ ეს სიტუაცია გრძელდება. ვშიშობ, რომ რეალობა არის ასეთი - საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანებისთვის დიდხანს ლოდინი მოუწევთ.
სირიიდან მასიურ მიგრაცია არის საშინელი, საზარელი ქაოსის შედეგი, რაც სირიის ომმა გამოიწვია... სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის ჩართვით, პუტინი შეიძლება დათანხმდეს ასადის რეჟიმის დაცვას და სტაბილიზაციას, მაგრამ რის ფასად, არ ვიცით. ჩვენ უნდა დავიცადოთ და დაველოდოთ, რა ეფექტი მოჰყვება რუსეთის ქმედებებს სირიაში“, - აღნიშნავს, კერძოდ, რიჩარდ შირეფი ინტერვიუში.