უცხოეთი
მედია: რუსეთს უკრაინისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების დაბლოკვა სურს

1-moscow-zar-2საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. აერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), უკრაინის დაკრედიტების გაგრძელებისათვის, საკუთარ წესებს ცვლის, რათა უკრაინას, დეფიოლტის შემთხვევაშიც კი შეეძლოს ფონდისგან კრედიტის მიღება. აღნიშნულ დეფოლტში კი, უკრაინა შეიძლება იმ ვალის გამო აღმოჩნდეს, რომელიც რუსეთის წინაშე აქვს - 3 მილიარდი აშშ დოლარი, - წერს The Wall Street Journal-ი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესებში ცვლილებების შეტანა, ნოემბრის ბოლოსკენ, თურქეთში G20-ის (დიდი ოცეული) ლიდერთა შეკრებაზე იგეგმება. ფონდის მოქმედი პოლიტიკის მიხედვით, ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებსაც ვადაგადაცილებული კრედიტები აქვთ, ახალი კრედიტის გაცემა იკრძალება. უკრაინას კი რეალური დეფოლტი ემუქრება, ვინაიდან ვერ ახერხებს რუსეთის ვალის გადახდას დაწესებულ ვადაში.

კრედიტორების კომიტეტში, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინასთან, რუსეთი არაა ჩართული. უკრაინას რუსეთის ვალის 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციებში აქვს. აღნიშნული ვალის დაფარვის ვადა კი 2015 წლის ბოლოს იწურება.

უკრაინის სახელმწიფომ, საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის დაწყების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ პროცესის გამო შეაჩერა ყველა იმ ქვეყნის ვალის გადახდის პროცესი, რომელთა კრედიტის ვადა 2015 წლის 23 სექტემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე იყო და რამოდენიმე წლით გადადო აღნიშნული კრედიტების გადახდის პროცესები.

13 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს უკრაინისთვის 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების დამატება შესთავაზა, რათა უკრაინას შესძლებოდა რუსეთისთვის ვალის დაბრუნება.

"მე მგონია, რომ უფრო მარტივი იქნება შემდეგი გზა: დავუმატოთ უკრაინას 3 მილიარდ დოლარიანი კრედიტი, რათა  შეძლოს ვალების გასტუმრება. ამ გზით, ყველა კმაყოფილი დარჩება და აღარ იქნება ეს დაძაბულობა", - განაცხადა პუტინმა.