აქტუალური
საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. მრავალწლიანი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, - ასე შეაფასეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაფართოებულ შეხვედრაზე.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. აღინიშნა, რომ 2012-2015 წლების მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3,7-ჯერ გაიზარდა.
შეხვედრისას იმ პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი სატრანსპორტო და ენერგეტიკის სფეროში ერთობლივად ახორციელებენ; მათ შორის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოება, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი და „სოკარ ენერჯი ჯორჯია“. ასევე, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.