პოლიტიკა
„ნუ შფოთავს ნურავინ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ, რომ რაიმე ბარიერებს შევუქმნით რომელიმე არხს, მით უმეტეს, რომ მედიაგარემოს რაიმე ფორმით დავაზიანებთ“- ირაკლი ღარიბაშვილი

1-pust-polit-2-analitსაქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ახალი ტელევიზიის გახსნა 10 დღეში არის შესაძლებელი.

„სამი წლის წინ არათუ ათ დღეში, 10 წელიწადში ვერავინ შეძლებდა ტელევიზიის გახსნას და ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, დღეს, 10 დღეში შეიძლება გაიხსნას ნებისმიერი არხი. მედიაგარემოს თავისუფლების კუთხით, ჩვენ ვართ ლიდერები მთელს ფართო რეგიონში და ამას ადასტურებს ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. საქართველოში უფრო მარტივად და სწრაფად შეგიძლია გახსნა ტელევიზია, ვიდრე - საფრანგეთში, გერმანიაში ან აშშ-ში. მედიაგარემოს თავისუფლებასა და მედიასაშუალების შექმნის სიმარტივეზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყნის მასშტაბით 300-მდე მედიასაშუალება ფუნქციონირებს და მათ არავითარი შეფერხება არ აქვთ ხელისუფლებისგან, პირიქით, მაქსიმალური ხელშეწყობა - აბსოლუტურად ლიბერალური კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ შევქმენით. მათგან 130-მდე ავტორიზებული ტელემაუწყებელია, 35 - ღია საეთერო მაუწყებელი, ასობით სააგენტო და გაზეთი. ამიტომ, მე ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება რაიმე ფორმით დგას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესების უკან. რომელ ხელისუფალს შეიძლება აწყობდეს სამი წლის თავზე ამგვარი ქმედების განხორციელება, ვერც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამაში რაციონალურ აზრს ვერ დაინახავს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.