რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ არ მინდა, რომ 2030 წელს ივანიშვილი ისე წავიდეს ბაღში, როგორც 2003 წელს შევარდნაძე წავიდა სახლში!

1-bidzina-POLIT-1-REDAQ2015 წლის 24 ოქტომბერს, TV „იმედზე“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც თავის მისიას შეასრულებს - საქართველო აყვავდება და ის იგრძნობს, რომ მეტად აღარ სჭირდება საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებას - დაბრუნდება ბაღში, ანუ საბოლოოდ წავა პოლიტიკიდან. თავს დაანებებს საზოგადოებრივ მიღვაწეობასაც და თავისი საყვარელი საქმით - მებაღეობით დაკავდება.

იმავე ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იგი უფრო აქტიური იქნება, ვიდრე 2012 წლის არჩევნებისას და მთელი თავისი რესურსით მხარს დაუჭერს პარტია „ქართულ ოცნებას“. და რომ ახლადარჩეულ პარლამენტში უფრო მეტი ინგლისურენოვანი დეპუტატის ხილვას ისურვებდა, რომელთა მკვეთრ დეფიციტს ახლანდელი პარლამენტი განიცდის: „ფაქტია, რომ დღეს გვაკლია ინგლისურენოვანი პარლამენტარები, რათა ისინი ევროპაში გავაგზავნოთ!“ - თქვა ივანიშვილმა.

აბა, «რა გითხრათ, რით გაგახაროთ?». საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც სამსახურშიცა და სახლშიც მხოლოდ თავის პირად ინტერესებზე- თანამდებობებსა და ფულზე ფიქრობენ. ისინი უმრავლესობაა.

არიან ადამიანები, რომლებიც  სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრობენ მხოლოდ სამსახურში. ისინი უმცირესობაა.

და არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესებზე ფიქრობენ ყოველთვის - სამუშაო დროსაც და სახლშიც. ისინი უპირატესობას ანიჭებენ სახელმწიფო ინტერესებს, როცა არჩევანის გაკეთება უწევთ სახელმწიფო და პირად ინტერესებს შორის, თავისი კარიერისა და მატერიალური კეთილდღეობის საზიანოდაც კი. ასეთ ადამიანებს სახელმწიფო მოღვაწენი ჰქვიათ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე.

მჯერა, რომ ასეთ ადამიანებს განეკუთვნება ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავის სამშობლოს 2 მლრდ დოლარზე მეტი დაახარჯა. ამიტომ არ მინდა, რომ 2030 წელს ივანიშვილი ისევე უსახელოდ წავიდეს ბაღში, როგორც 2003 წელს შევარდნაძე წავიდა სახლში! და რომ ახალ პარლამენტში, ინგლისურენოვანების გარდა, იყვნენ რუსულენოვანი დეპუტატებიც, რომლებიც დღეს არ არიან - რათა ისინი გავაგზავნოთ მეზობლებთან (რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში) და დანარჩენ  პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, დედამიწის დასახლებული ხმელეთის 1/6 ნაწილი რომ უკავიათ.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 29 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი