პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ საქართველოში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის გავლენაზე გაამახვილა ყურადღება. მან მაგალითისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტში ჰიბრიდულ ომს უდიდესი როლი ეკავა: „რუსეთმა მეთოდები საქართველოსთან დახვეწა და შემდეგ უფრო ეფექტურად უკრაინაში გამოიყენა; სწორედ რუსეთის აგრესია უკრაინაში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჰიბრიდული ომის ნათელი მაგალითებია“, - აღნიშნა მან.
დოქტორ არიელ კოენმა საქართველოს ჰიბრიდული ომის მსხვერპლი უწოდა: „ჰიბრიდული ომის საფრთხე ისტორიული გამოწვევაა, რომელიც ათასობით წელია არსებობს, როდესაც ხშირ შემთხვევაში დაძაბულობა სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზრდება. საჭიროა ვისწავლოთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ მსგავს კრიზისებს. ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური შეიარაღებულ ძალებთან ერთად უნდა შეებრძოლონ ამ საფრთხეს".
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ივან ჟესტრაბმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჰიბრიდული ომის დროს მთავარი უპირატესობა თავდამსხმელს აქვს, რადგან მოულოდნელობის ეფექტი დიდია, ხოლო საზღვრები - მოშლილი. მისი თქმით, ჰიბრიდულ ომს ქვეყნის ჩამონგრევაც კი შეუძლია; ხოლო კორუმპირებული, არაეფექტური და კონფლიქტში მყოფი საზოგადოება ამ ომის წარმატებით წარმართვისთვის იდეალური ადგილია.