სამართალი
„ვამაყობ, რომ ვარ ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის მოსახლეობაც მზად არის, მიიღოს ცვლილებები, რათა რეალობად აქციოს ქვეყნის ევროატლანტიკური ამბიციები“

1amayobs-sam-3საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის, როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტის, გატარების მკაფიო მანდატი.

დღეს ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს წინსვლას, რასაც ხაზს უსვამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. წინ კიდევ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე ჩავუყარეთ საფუძველი მტკიცე პარტნიორობას, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ჩვენი ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენი მზარდი ეკონომიკა მუშაობს ყველა საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერებულია, ხოლო ჩვენი საგარეო პოლიტიკის წყალობით ცხოვრება უფრო უსაფრთხოა”,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ამ მიმართულებით საქართველოს მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ საქართველო არასდროს შეწყვეტს ბრძოლას ტერიტორიული მთლიანობისთვის.

“რუსეთს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები. სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულ ინტეგრაციის შეთანხმებებს სოხუმსა და ცხინვალთან, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას. მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფას”,-დასძინა პრემიერმა.