დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქალწულის - ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე IV საუკუნეში ცხოვრობდა. იგი იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ეწამა ქრისტეს სახელისთვის. მისი მამა, წარმართი დიოსკორე ადრე დაქვრივდა და გადაწყვიტა, ბარბარე უცხო თვალთაგან ფარულად აღეზარდა. ამისათვის მან თავის მამულთან ახლოს კოშკი ააშენა, რომელშიც ბარბარეს გარდა მისი წარმართი აღმზრდელი მასწავლებლები ცხოვრობდნენ, თუმცა მალე ბარბარე ქრისტიანულად მოინათლა. სწორედ ამის მერე დაიწყო მისი დევნა.წმიდა ბარბარემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ მოუთხრო მამას. დიოსკორე სასტიკად განცვიფრდა, გონდაკარგულმა მახვილიც კი იძრო, მაგრამ ქალწული გაექცა მამას. ისინი მალე მთას მიადგნენ, რომელიც შუაზე გაიპო და დიდ ნაპრალში შეიფარა წმიდა ბარბარე. ასე დაუსხლტა, ღვთის შეწევნით, ქალწული მამას და მთის ერთ მღვიმეში დაიწყო ცხოვრება. მამამ მაინც მიაგნო წმიდა ბარბარეს, შეუბრალებლად სცემა, დიდხანს აშიმშილებდა და ქალაქის განმგებელს - მარტიანეს გადასცა იგი. მისი ბრძანებით, წმიდა ბარბარე სასტიკად აწამეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.
VI საუკუნეში დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები ილიოპოლიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, ხოლო XII საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენის დროს, ღვთის განგებით იგი რუსეთში მოხვდა: ხელმწიფის ასული ბარბარე რუს მთავარ მიხეილ იზიასლავის ძეზე დაქორწინდა და დიდმოწამის წმიდა ნაწილებიც თან წაიღო კიევში, სადაც ის დღემდე განისვენებს კიევის ვლადიმირის საკათედრო ტაძარში.