სამართალი
ალექსი ახვლედიანი ნიკა გვარამიასთან შეხვედრას ადასტურებს

aleks-SAMART-3საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებისას ჟურნალისტებს ნიკა გვარამიასთან შეხვედრის ფაქტი დაუდასტურა.

მე უახლოესი ორი კვირა არ ვიმყოფებოდი საქართველოში. გუშინწინ გვიან ღამით დავბრუნდი. გუშინვე უნდა შევხვედროდი ნიკას და ეს იყო ჩვეულებრივი, მეგობრული დაგეგმილი შეხვედრა. იქიდან გამომდინარე, რომ ის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ის მართლაც იმყოფება ასეთ სიტუაციაში და მე არასდროს ვტოვებ ჩემს მეგობრებს. აქედან გამომდინარე, ჩამოვფრინდი თუ არა, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე დავუკავშირდი ნიკას. მიპასუხა, რომ მას მთელი ღამის განმავლობაში ჰქონდა თათბირები და მეორე დღეს შევხვედროდით. მეორე დღეს, ანუ გუშინ, შესვენების პერიოდში მას დავუკავშირდი და ვადასტურებ, შეხვედრა მოხდა "რუსთავი 2"-ის ოფისში, სადაც ძალიან ხშირად ჩვენ ერთმანეთს შევხვედრივართ და გვისაუბრია. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მე თვითონაც. სამწუხაროდ ამ მცირე დროის ინტერვალში ვერ შევძელი, რომ ნიკას შევხვედროდი. ჩემი დევიზია ყველა კითხვაზე ყოველთვის პასუხი იყოს გაცემული. როგორც კი დაკითხვას მოვრჩები და ნიკა გვარამიას შევხვდები, გიპასუხებთ აუცილებლად. ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

როგორც ახვლედიანი ამბობს, 24 აგვისტოს შემდეგ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ყოფილა.

მისი თქმით, ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს შეხვდა. "რაც შეეხება სამთავრობო მესიჯებს, ზუსტად შემიძლია დაგისახელოთ დღე. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ. 24 აგვისტოს შევხვდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სადაც გადავუხადე მადლობა იმ თანადგომისთვის, რაც მან გამოიჩინა, რომ ჩვენ მივიღეთ უმაღლესი შეფასება ფესტივალის ჩატარებაზე. ასევე მან გადამიხადა მადლობა როგორც მე, ისევე მთელს ჩემს კოლექტივს. ჩვენ დავემშვიდობეთ. ამის შემდგომ არამც თუ ირაკლი ღარიბაშვილთან, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ ვყოფილვარ", - თქვა ალექსი ახვლედიანმა.

საქართველოს პროკურატურამ დაკითხვაზე ნიკა გვარამიას მიერ დასახელებული პირის ვინაობა ცოტა ხნის წინათ გაასაჯაროვა.

პროკურატურის განცხადებით, 2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დირექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მოწმის სახით დაიკითხა ნიკა გვარამია, რომელმაც დაკითხვისას აჩვენა, რომ მეგობარი, რომელიც მას შეხვდა არის ალექსი ახვლედიანი, საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი - 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.

გვარამის თქმით, მან სამართალდამცველებს წარუდგინა ვიდეომასალა, სადაც ასახულია პირი, რომელიც სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ მივიდა და გვარამიას ხელისუფლების მუქარის შემცველი განცხადება გააცნო, რომ თუ ის არ ჩამოშორდებოდა „რუსთავი 2-ის" მართვას, მაშინ, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოსამასალა და პირადი საუბრები გასაჯაროვდებოდა. თუმცა გვარამიამ აღნიშნული პირის დასახელებისგან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას განცხადებით, მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

„კურიერის" საგანგებო გამოშვებაში გვარამიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმიდან განზე გადგომას სთხოვენ, რის გაკეთებასაც არ აპირებს.

მითხრეს, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას ხალვაშს მიაკუთვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვება დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილება. მოთხოვნა იყო, რომ მე გავწეულიყავი, რაზეც, თავისთავად, ვთქვი, რომ არასდროს გავაკეთებ. ამის საპასუხოდ, მითხრეს, რომ არ უნდა დამავიწყდეს, ჩემი ოჯახის წევრები აქ ცხოვრობენ და მათი ამერიკაში გაშვება ვერ მოვასწარი; არ უნდა დამავიწყდეს, რომ არსებობს კონკრეტული ურთიერთობები, რომლებიც ვიდეოზეა გადაღებული და ეს ყველაფერი გამოქვეყნდება; არ უნდა დამავიწყდეს, რომ მაქვს სატელეფონო მოლაპარაკებები ცალკეულ ადამიანებთან, მათ შორის - სააკაშვილთან და ეს აუცილებლად გამოქვეყნდება. ამასთან, მე ვიქნები პერსონალურად განადგურებული კოლეგებისა და ქვეყნის თვალში", - თქვა გვარამიამ.

როგორც მან აღნიშნა, შანტაჟის წინააღმდეგ ყველაზე სწორი გზა ამაზე საჯაროდ საუბარია. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა პირად კეთილდღეობასა და კომფორტზე გაცილებით მნიშვნელოვანი სიკეთე დევს სასწორზე.

მივმართავ ხელისუფლებას - ატვირთეთ, რაც გნებავთ. ჩემთვის ღრმად სულერთია. ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი პირადი ცხოვრებაა და არავის ეხება სხვას. თუ მე ვარ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების მსხვერპლი, ამისთვის აუცილებლად გაზღვევინებთ პასუხს დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე", - თქვა გვარამიამ.

http://liberali.ge/news/view/18864/aleqsi-akhvlediani-nika-gvaramiastan-shekhvedras-adasturebs