პუბლიკაციები
შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს ამერიკული ხომალდის კაპიტანმა უმასპინძლა

esmin-POLIT-2-MTAVARსაქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან და საქართველოში აშშ-ს ელჩ იან კელისთან ერთად, ბათუმში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდ „PORTER“-ზე გამართულ მიღებას დაესწრო. 
ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შემოვიდა.
ოფიცალურ მიღებაზე კაპიტანმა სტუმრებს ხომალდი დაათვალიერებინა, მისი ტექნიკური მახასიათებლები გააცნო და უსაფრთხოების მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოსა და აშშ-ს საზღვაო ძალების წარმომადგენლები, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივ სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას, რაც პირველად დახმარებას და ძებნა-გადარჩენის ოპერაციებს ითვალისწინებს. 
პორტერი არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის. თინათინ ხიდაშელმა საქართველოში ამერიკული ნაღმოსნის შემოსვლის სტრატეგიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს წევრი ქვეყნების გემების შემოსვლა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.

შავმა ზღვამ, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, სამწუხაროდ, განსაკუთრებული ფუნქცია შეიძინა. უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები შავ ზღვაზე დღეს გაცილებით დიდია. ამიტომ, სწორედ, ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, ნატოს წევრი ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო გემი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში იმყოფება, უსაფრთხოების ერთგვარი გარანტია არის ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც შეიძლება რამე ტიპის საფრთხისა და აგრესიის მოლოდინში იყოს. სიამოვნებით ვხვდები ამგვარი გემების შემოსვლას. სახელმწიფო მადლობელია იმ სწავლებების გამოც, რომელიც ასეთ დროს იმართება ზღვაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს, საზღვრის დაცვისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მეტი გაიგონ, უშუალო შეხება ჰქონდეთ თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამის საშუალებებთან“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

პორტერის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული. აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.

ვიზიტის ბოლო დღეს ერთობლივი საზღვაო მანევრები ჩატარდება, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების ეფექტურობის გაზრდას და ღია წყლებში სხვადასხვა სახის ოპერაციის ჩატარებას ისახავს მიზნად.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკული ხომალდის კაპიტანმა საქართველოს შს მინისტრს სიმბოლური საჩუქარი - კომპასი გადასცა.

esmin-POLIT-2-QVEM