აქტუალური
თინა ხიდაშელი: „ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების ის ქოლგა უნდა გადაეფაროს, რასაც ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ჰქვია“

1-kolga-aqtual-1საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებაში - „მოამბე“, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, არმიის გენერალ პეტრ პაველის განცხადებას გამოეხმაურა. 20 ოქტომბერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ევროპის პარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრების შეკითხვას პეტრ პაველმა უპასუხა - სამხედრო კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო ნატოს წევრობისთვის დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

„ალიანსის გენერალურმა მდივანმა ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის დროს თქვა, რომ საქართველო მზად არის წევრობისთვის და რომ ქვეყანაში რეფორმები წარმატებით ხორციელდება. მან ასევე ბევრი ისაუბრა უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის განხორციელებაზე. ჩვენ სწრაფი ტემპებით ვმოქმედებთ, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უკვე გახსნილია, წლის ბოლომდე კიდევ ერთ კომპონენტს - თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების სკოლას გავხსნით. ძალიან მაღალი დონის ვიზიტებია დაგეგმილი საქართველოში მომავალი წლის დასაწყისიდან, რაც, პრინციპში, არის იმის დასტური, რომ აღმავალ გზაზე ვდგავართ და საქართველო სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს მთავარი სტრატეგიული ამოცანის შესრულებისკენ. რათა ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების ის ქოლგა გადაეფაროს, რასაც ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ჰქვია“,- განაცხადა, კერძოდ, თინათინ ხიდაშელმა.