პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე:"მოსკოვი თბილისს უსასრულოდ აღარ დაელოდება!"
1kirvaliZe-analit-RUS-GEOსაქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, ოკუპირებულ ცხინვალში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა სეპარატისტმა ლ. თიბილოვმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან ვ. სურკოვთან შეხვედრისას გააკეთა განცხადება, რომ რუსეთთან შეერთება "სამხრეთოსური ხალხის" საუკუნოვანი ოცნებაა. – "პოლიტიკური რეალიები ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისტორიული არჩევანი, უნდა შევუერთდეთ მოძმე რუსეთს და მრავალი საუკუნის მანძილზე უზრუნველყოთ ჩვენი რესპუბლიკის და ხალხის უსაფრთხოება და აყვავება", – თქვა თიბილოვმა. უკვე მერამდენედ, ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელმა გაახმოვანა სურვილი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, რომლის შედეგების რეალიზაცია, მისი თქმით, განხორციელდება რუსთთან შეთანხმების საფუძველზე, ანუ ზუსტად იმ დროს, როცა და როგორც ამას მოსკოვი გადაწყვეტს!.. არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, რომ აფხაზებისგან განსხვავებით ცხინვალის რეგიონის (ქართველების ეთნოწმენდის შემდეგ) ოსური მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ე.წ. "სამხრეთ ოსეთის შესვლას რუსეთის ფედერაციაში" (ოსები გვტაცებენ ქართლის ჩრდილოეთ ნაწილს!). აქედან გამომდინარე, ამ საკითხში მოსკოვს კარტ–ბლანში აქვს, მეტიც, რუსები ოსებს "აკავებენ და აჩერებენ" სხვადასხვა მიზეზით, თორემ ოსები ჩქარობენ და განაწყენებულებიც კი არიან რუსებზე, რომ "ორი ოსეთის გაერთიანების" პროცესს მოსკოვში არ იწყებენ!.. დიახ, მწარე რეალობა ასეთია, მაგრამ უფრო მძიმე და ტრაგიკული წინ გველის, რადგანაც საერთაშორისო გეოპოლიტიკური პროცესები ("ყირიმის პრეცენდენტი"!) პირდაპირ თუ ირიბად ზეგავლენას ახდენს ჩვენს პრობლემატიკაზე, რაც უწინარესად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეხება!.. ამიტომ, უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა დასავლეთის და რუსეთის მიმართულებით, მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შეიტანოს აღნიშნულ პრობლემატიკაში, რათა თავიდან აცილებული იქნას ცხინვალის რეგიონის მოსალოდნელი ანექსია!.. წინააღმდეგ შემთხვევაში, – მოსკოვი თბილისს უსასრულოდ აღარ დაელოდება!..